Thumbnail

ნახეთ: ჰიუსტონის ქუჩებში მოსეირნე ვეფხვი შენიშნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის გარეუბანში მცხოვრები მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. მათ ქუჩაში, სახლებთან ახლოს მოსეირნე ბენგალური ვეფხვი შენიშნეს, რომელიც მოგვიანებით იქაურობას ახალგაზრდა მამაკაცმა განარიდა. თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელებსა და მედიაში მალევე გავრცელდა და საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ნახეთ: ამერიკელი მამაკაცი პუმის თავდასხმას 6 წუთის განმავლობაში იგერიებდა

ჰიუსტონის მაცხოვრებლებმა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთ-ერთი სახლის წინა ეზოში დააფიქსირეს. მათი განცხადებით, მტაცებელს საყელური ეკეთა, საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა და იქ მყოფ ადამიანებს აკვირდებოდა. ტვიტერზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ვეფხვს თავდაცვის მიზნით იარაღიც კი დაუმიზნა, თუმცა ცხოველის მიმართულებით არ გაუსროლია. მოსახლეობამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თუმცა სანამ სამართალდამცველები ადგილზე მივიდოდნენ, იმ დროისთვის დაუდგენელმა მამაკაცმა ვეფხვი Jeep Cherokee-ის მარკის თეთრ ავტომობილში ჩასვა და უცნობი მიმართულებით წაიყვანა.

 

პოლიციამ გამოძიება ცხოველთა უფლებების დამცველებთან ერთად დაიწყო და მამაკაცს მომდევნო დღეს მიაკვლია. ის 26 წლის ვიქტორ ჰიუგო კუევასი აღმოჩნდა, რომელიც 2017 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მკვლელობის გამო იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. კუევასის სახლში სამართალდამცველებმა ორი მაიმუნი აღმოაჩინეს, რომელთა ყოლა ადგილობრივი კანონმდებლობით ნებადართულია. რაც შეეხება ვეფხვს, ქალაქ ჰიუსტონის კანონებით მისი ფლობა აკრძალულია, თუმცა ტექსასის შტატის სამართალი გარკვეული შეზღუდვებით მოქალაქეებს ამის უფლებას აძლევს.

ნახეთ: ნიუ იორკში გაასამართლეს მამაკაცი, რომელსაც სარდაფში ზვიგენები ჰყავდა

ვიქტორ კუევასი ამჟამად პოლიციისგან მიმალვის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული და ელის სასამართლოს, რომელმაც მისი გირაოთი გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილოს. ვეფხვის შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, პოლიცია მის ადგილსამყოფელს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. კუევასის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მტაცებელი უბრალოდ დაიჭირა და შემთხვევის ადგილს განარიდა, რის გამოც ყველამ ის მის პატრონად მიიჩნია, თუმცა ეს, შესაძლოა, ასე სულაც არ იყოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები