Thumbnail

NASA-ს კოსმოსური ხომალდი ასტეროიდ ბენუდან დედამიწისკენ გამოემართა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კოსმოსური ხომალდი OSIRIS-Rex ასტეროიდ ბენუდან დედამიწისკენ გამოემართა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციური სხეულის ზედაპირიდან მოპოვებულ ნიმუშებს აპარატი ჩვენს პლანეტაზე 2023 წლის 24 სექტემბერს ჩამოიტანს.

► ნახეთ: ვირტუალური ტური ასტეროიდ ბენუზე

NASA-ს წარმომადგენელთა განცხადებით, OSIRIS-Rex-მა ასტეროიდი, რომელიც დედამიწისგან ამჟამად დაახლოებით 320 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, 11 მაისს, თბილისის დროით 12:23 საათზე დატოვა. როგორც ცნობილია, 500 მეტრი დიამეტრის მქონე ციურ სხეულთან დასაშორებლად ხომალდმა სამანევრო ძრავები აამუშავა, რომელთა დახმარებითაც 958 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეძლო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ OSIRIS-Rex ჩვენი პლანეტისკენ აიღებს გეზს, მან მზეს ორჯერ უნდა შემოუაროს.

ასტეროიდი ბენუ, რომელიც ამჟამად ჩვენგან დაახლოებით 320 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. ფოტო: NASA 

NASA-მ OSIRIS-Rex ასტეროიდ ბენუსკენ ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ბაზიდან 2016 წლის 8 სექტემბერს გაუშვა. კომპანია Lockheed Martin-ის მიერ შექმნილმა ხომალდმა ციურ სხეულამდე დაახლოებით ორი წლის შემდეგ მიაღწია და მის ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. NASA-ს ლენდერი ბენუს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე კრატერში 2020 წლის 20 ოქტომბერს დაეშვა და იქ სულ მცირე 400 გრამი გრუნტის მოპოვება შეძლო, რომელიც დედამიწაზე გამოსაგზავნად სპეციალურ კაფსულაში მოათავსა.

► მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუზე მდინარეების კვალი აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე მეცნიერებმა, ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე ასტრონომებთან და კანადელ კოლეგებთან ერთად, OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული ვიზუალური მასალის ანალიზისას ბენუზე უძველესი მდინარეების კვალს მიაგნეს. მათ ფოტოებზე ციური სხეულის ზედაპირზე დალექილი თეთრი შეფერილობის კარბონატები დააფიქსირეს. ეს მინერალები, როგორც წესი, ისეთ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც წყალი მოედინება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ და სხვა საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასა და ასტეროიდის წარმომავლობისა თუ ფორმირების უკეთ შესწავლაში სწორედ OSIRIS-REx-ის მიერ ბენუზე მოპოვებული ნიმუშები დაეხმარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები