Thumbnail

ჰაერის დაბინძურება სტრატოსფეროს შევიწროვებას იწვევს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტსა და აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ გერმანელ, ავსტრიელ და ესპანელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება სტრატოსფეროს შევიწროვებას იწვევს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Environmental Research Letters ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მეცნიერებმა დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრების მიერ შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს და იმ კომპიუტერულ მოდელებთან შეაჯერეს, რომლებშიც ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიური პროცესები იყო ნაჩვენები. მათი დასკვნით, დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებების ემისია სტრატოსფეროზე უარყოფითად აისახება და მის შეთხელებას განაპირობებს. ეს უკანასკნელი ტროპოსფეროს ზემოთ, ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 20-დან 60 კილომეტრამდე სიმაღლეზეა განლაგებული. სპეციალისტთა განცხადებით, ერთ-ერთი სათბურის აირი, ნახშირორჟანგი ჰაერს აცხელებს და აფართოებს, რის შედეგადაც ატმოსფეროს აღნიშნული ფენის ქვედა საზღვარი მაღლა იწევს. იქ მოხვედრილი CO2 კი მას აცივებს და კუმშავს, რაც სტრატოსფეროს ზომას კიდევ უფრო ამცირებს.

სურათზე ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაა აღბეჭდილი, მათ შორის სტრატოსფერო, რომელიც თეთრ და მოვარდისფრო ფერებშია ნაჩვენები. ფოტო: NASA

ნაშრომის ავტორთა გამოთვლებით, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, სტრატოსფერო 400 მეტრით შევიწროვდა. მათი ვარაუდით, თუ უახლოეს მომავალში ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას არ შევამცირებთ, 2080 წლისთვის ის კიდევ ერთი კილომეტრით დაპატარავდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე მეცნიერებს ზემოხსენებული ფენის გათხელების მიზეზად ოზონის შრე მიაჩნდათ, რომელიც მზისგან მომავალ ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს. საქმე იმაშია, რომ უკანასკნელ ათწლეულებში ოზონის შემცველობამ იკლო, რასაც, შესაძლოა, სტრატოსფეროს გაციება გამოეწვია, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება

მკვლევართა აზრით, მათი მიგნება ცხადყოფს, როგორი მასშტაბური გავლენა აქვს ადამიანთა საქმიანობას მთელ დედამიწაზე. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სტრატოსფეროს დაპატარავებამ ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი სატელიტების ტრაექტორია და ორბიტული პერიოდი შეცვალოს, რადიოტალღების გადაცემა შეაფერხოს და GPS-ის მსგავსი სანავიგაციო სისტემების გამართულად ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.

კომენტარები

ბოლო ამბები