Thumbnail

მეცნიერებმა მეტეორიტში თხევადი წყალი აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონიაში მდებარე რიცუმეიკანის, კიოტოსა და ჰოკაიდოს უნივერსიტეტებში, ასევე, ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მოღვაწე კოლეგებთან ერთად, სატერს მილის სახელწოდებით ცნობილ მეტეორიტში თხევადი წყალი აღმოაჩინეს. ნაშრომი, რომელშიც ამ მიგნების შესახებ დეტალურადაა მოთხრობილი, გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

► მეცნიერებმა ასტეროიდზე წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს

მკვლევართა ჯგუფმა თხევად წყალს მზის სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი კოსმოსური ობიექტის ნარჩენის შესწავლის დროს მიაკვლია. ამ მეტეორიტის ნაწილები, დედამიწის ატმოსფეროში დაშლის შემდეგ, 2012 წლის 22 აპრილს აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე სატერს მილის სახელით ცნობილი ოქროს საბადოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. ნიმუშების მიკროსკოპით დათვალიერების დროს მეცნიერებმა კალციტის ნანომეტრული ზომის კრისტალები შენიშნეს, ამ მინერალში კი წყლის შემცველი სითხე აღმოაჩინეს, რომლის სულ მცირე 15 პროცენტსაც ნახშირორჟანგი შეადგენს.

სატერს მილის სახელწოდებით ცნობილ მეტეორიტის ნაწილი

სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდი, რომლის ნაწილსაც მათ მიერ შესწავლილი მეტეორიტი უნდა წარმოადგენდეს, გაყინული წყლისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ობიექტი ჩვენი მზის სისტემის ცივ რეგიონში, სავარაუდოდ, იუპიტერის ორბიტის მიღმა ჩამოყალიბდა. მკვლევართა მოსაზრება კიდევ უფრო ამყარებს თეორიებს, რომელთა მიხედვითაც, წყლის მოლეკულებით მდიდარი ასტეროიდები მზის სისტემის კიდეზე წარმოიშვნენ და ჩვენს მნათობს ამის შემდეგ მიუახლოვდნენ.

► მარსზე არსებული წყალი, შესაძლოა, პლანეტის ქერქში იყოს მოქცეული

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი ახალი მიგნება დედამიწაზე წყლის წარმოშობის ფესვების ძიებაში დაგვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ეს ნივთიერება ჩვენს პლანეტაზე სწორედ მეტეორიტების, კერძოდ კი C ქონდრიტების სახელით ცნობილი ობიექტების საშუალებით აღმოჩნდა. კვლევის ავტორების განცხადებით, მსგავსი ობიექტების შემადგენლობაში შემავალ მინერალებში აღმოჩენილი H2O-ს მოლეკულები, შესაძლოა, დედამიწაზე წყლის გაჩენის უმთავრეს წყაროს წარმოადგენდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები