Thumbnail

ბოლო 60 წელიწადში კაცობრიობამ დედამიწის ლანდშაფტის მეხუთედი შეცვალა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნიდერლანდებში მდებარე ვაგენინგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ბოლო 60 წელიწადში კაცობრიობამ ჩვენი პლანეტის ლანდშაფტის თითქმის მეხუთედი შეცვალა. ამის შესახებ მკვლევართა მიერ გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებულ ნაშრომშია მოთხრობილი.

► მეცნიერთა თქმით, დედამიწის ხმელეთის ეკოსისტემის 3%-ზე ნაკლებია ხელუხლებელი

მეცნიერებმა კვლევის დროს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შეგროვებული მონაცემები და მაღალი გარჩევადობის სატელიტური ფოტოსურათები გამოიყენეს. შედეგად, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 1960 წლიდან დღემდე ადამიანებმა დედამიწაზე 43 მილიონი კვადრატული კილომეტრამდე ფართობის ლანდშაფტი გარდაქმნეს, რაც აფრიკისა და ევროპის კონტინენტების ტერიტორიას უტოლდება. მკვლევართა გამოთვლებით, გასული 60 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ტყეები თითქმის 1 მილიონი კვადრატული კილომეტრის არეალში განადგურდა. ამის საპირისპიროდ, საგრძნობლად გაიზარდა სახნავ-სათესი სავარგულებისა და საძოვრების ფართობი.

მკვლევართა გამოთვლებით, გასული 60 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ტყეები თითქმის 1 მილიონი კვადრატული კილომეტრის არეალში განადგურდა.

მეცნიერთა განცხადებით, ტყეების ფართობი ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში შედარებით გაზრდილია ევროპის, აღმოსავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში. ამ მხრივ საგანგაშო ვითარება კი, ძირითადად, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში მდებარე განვითარებად სახელმწიფოებშია შექმნილი. მკვლევართა თქმით, მცენარეები და ნიადაგი, განსაკუთრებით ტროპიკულ ტყეებში, ჰაერში გამოყოფილი ნახშირორჟანგის თითქმის 30 პროცენტს შთანთქავს. აქედან გამომდინარე, ლანშაფტის ფართომასშტაბიანმა გარდაქმნებმა ჩვენს პლანეტაზე კლიმატის ცვლილებები, შესაძლოა, კიდევ უფრო დააჩქაროს.

► დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმებს უჟანგბადობის გამო განადგურება ემუქრება

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 1960 წლის შემდეგ ადამიანის ჩარევის გამო ჩვენს პლანეტაზე არსებული ხმელეთის 17-მა პროცენტმა ცვლილება სულ მცირე ერთხელ მაინც განიცადა. აღსანიშნავია, რომ დედამიწის საერთო ფართობი დაახლოებით 510 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მისი 70 პროცენტი, ანუ 361 მილიონი კვადრატული კილომეტრი წყლით არის დაფარული, დანარჩენი 149 კვადრატული კილომეტრი კი ხმელეთს უჭირავს, საიდანაც 15 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე ყინულია გადაჭიმული.

კომენტარები

ბოლო ამბები