Thumbnail

ახალი ტექნოლოგია ადამიანის წარმოსახვით ხელნაწერს ციფრულ ტექსტად აქცევს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სტენფორდისა და ბრაუნის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისი შექმნეს, რომლის საშუალებითაც ფიქრებში წარმოდგენილი ხელნაწერი სიტყვების ციფრულ ტექსტად გადაქცევაა შესაძლებელი. ახალი ტექნოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების ახალ მეთოდს მიაკვლიეს

მეცნიერებმა გაუმჯობესებული ინტერფეისის გამოსაცდელად კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 65 წლის პარალიზებულმა მამაკაცმა მიიღო. სპეციალისტებმა მას ელექტროდები ტვინის იმ რეგიონში ჩაუნერგეს, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი და სთხოვეს, წარმოედგინა, თითქოს ხელში კალამი ეჭირა და ფურცელზე წერდა. პაციენტის ორგანიზმში მოთავსებულმა მოწყობილობებმა თითოეული ასოს გამოყვანასთან ასოცირებული იმპულსები დაიჭირა და სადენების მეშვეობით კომპიუტერში გაგზავნა, სადაც ისინი ალგორითმმა ამოიცნო. პროგრამამ იმ ნერვული აქტივობების დიფერენცირება შეძლო, რომელიც კონკრეტული წერილობითი ნიშნის გამოსახვასთან იყო დაკავშირებული. შედეგად, მან მიღებული ინფორმაცია ეკრანზე ნაჩვენებ ნამდვილ ტექსტად აქცია.

 

მკვლევართა განცხადებით, ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით ცდისპირმა 1 წუთში 90 ასო დაწერა, რაც 18 სიტყვას შეესაბამება. ეს რამდენიმე წლის წინ დაფიქსირებულ შედეგს 50 ერთეულით აღემატება. მაშინ ამავე მამაკაცმა წინადადებები ეკრანზე ნაჩვენებ სიმბოლოებამდე კურსორის გონების ძალით მიტანის გზით შეადგინა. ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ ალგორითმს ამგვარი მარტივი მოძრაობების გარჩევა უფრო უჭირს, ვიდრე ისეთი კომპლექსურის, როგორიცაა ასოების გამოყვანა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ დროს ტვინში უნიკალური ნერვული იმპულსები წარმოიქმნება, რომელთა ერთმანეთისგან განსხვავება შედარებით ადვილია.

ხელოვნური ინტელექტი თქვენს ფიქრებს სურათებად აქცევს

ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ახალი ინტერფეისის სიზუსტე, თვითშესწორების ფუნქციის დამსახურებით, 99.1 პროცენტია. ამ მეთოდის გამოყენებით წერას თითქმის იგივე დრო სჭირდება, რაც ჯანმრთელი ადამიანის მიერ სმარტფონში ტექსტის აკრეფას. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები