Thumbnail

დღის ფოტო: ინფრაწითელ, ხილულ და ულტრაიისფერ სპექტრში გადაღებული იუპიტერი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ოპტიკურ-ინფრაწითელი ასტრონომიური კვლევების ეროვნულ ლაბორატორიაში (NOIRLab) მომუშავე მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ერთმანეთის გვერდით იუპიტერის სამი სხვადასხვა გამოსახულებაა ნაჩვენები. ჩვენი მზის სისტემაში შემავალი პლანეტა ინფრაწითელ სპექტრში ჰავაის კუნძულებზე განლაგებულმა ხელსაწყომ, სახელწოდებით Gemini North დააფიქსირა, ხილულ და ულტრაიისფერ სპექტრში კი მისი სურათები ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპზე დამონტაჟებულმა კამერამ WFC3 გადაიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამივე კადრი ერთსა და იმავე დროს, 2017 წლის 11 იანვარს, თბილისის დროით 19:41 საათზეა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ იუპიტერის ხილულ სპექტრში გადაღებული სურათი პლანეტის ატმოსფეროს დეტალურ გამოსახულებას გვთავაზობს, თუმცა იქ არსებული ღრუბლების სისქის დადგენა შეუძლებელია. ამის საშუალებას მხოლოდ ინფრაწითელ სპექტრში გადაღებული ფოტო იძლევა. ამ სურათზე ოქროსფერით იუპიტერის ატმოსფეროს შედარებით თხელი ფენებია გამოსახული, რომლის მიღმაც სითბური ენერგიის შედეგად გამოყოფილი სინათლე მოჩანს. რაც შეეხება ულტრაიისფერ გამოსახულებას, ის ატმოსფეროში ნაწილაკების განაწილების სიმაღლეს გვიჩვენებს. წითელი ფერით შედარებით მაღალი, ლურჯით კი დაბალი რეგიონებია ასახული.

იუპიტერის ინფრაწითელ სპექტრში გადაღებული გამოსახულება

ფოტო: International Gemini Observatory

იუპიტერის ხილულ სპექტრში გადაღებული გამოსახულება

ფოტო: Hubble Space Telescope

იუპიტერის ულტრაიისფერ სპექტრში გადაღებული გამოსახულება

ფოტო: Hubble Space Telescope

კომენტარები

ბოლო ამბები