Thumbnail

NASA-ს, შესაძლოა, მარსზე სიცოცხლე გაევრცელებინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულ ხომალდებს, შესაძლოა, იქ შემთხვევით სიცოცხლე გაევრცელებინათ. მათი აზრით, გამორიცხული არაა, რომ კოსმოსურ აპარატებს დედამიწიდან წითელ პლანეტაზე ესა თუ ის მიკროორგანიზმები ჩაეტანათ. ამის შესახებ სპეციალისტები გამოცემაში Microbiome ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ბაქტერიებს დედამიწიდან მარსამდე ცოცხლად მიღწევა შეუძლიათ

NASA-ს ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე არაერთი მარსმავალი თუ ლენდერი ჰყავს გაგზავნილი, რომლებსაც ინჟინრები რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) აგებენ. პროტოკოლის თანახმად, დაწესებულებაში ჰაერის ფილტრებია დამონტაჟებული და მკაცრადაა დაცული ბიოუსაფრთხოების ნორმები. ამის გარდა, კოსმოსური ხომალდების აწყობისას თითოეული დეტალის სათანადოდ გაწმენდაა აუცილებელი, რათა მათზე არსებული ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა თუ სპორების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს. თუმცა, ზედაპირიდან მათი მთლიანად მოშორება თითქმის შეუძლებელია. იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რომელ მიკროორგანიზმებს ვხვდებით ამგვარად დაცულ ოთახებში, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს.

რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერები კოსმოსური ხომალდის დეტალს წმენდენ. ფოტო: NASA

ნაშრომის ავტორებმა ლაბორატორიიდან აღებული ნიმუშებიდან დნმ გამოაცალკევეს, გაშიფრეს და მიკრობთა სხვადასხვა სახეობის გენომი გამოავლინეს. კვლევამ აჩვენა, რომ ოთახებში შექმნილმა მკაცრმა პირობებმა ამ ბაქტერიებისთვის ბუნებრივი გადარჩევის მსგავსად იმოქმედა და მათ გაძლიერებას შეუწყო ხელი. კერძოდ, მიკროორგანიზმებს დნმ-ის აღდგენის, რადიაციისგან თავდაცვის, გაუწყლოებასთან და სიცივესთან ბრძოლის უნარი განუვითარდათ. შესაბამისად, სრულიად დასაშვებია, რომ ისინი დედამიწიდან მარსამდე მგზავრობას გადაურჩნენ და პლანეტათაშორისი დაბინძურება გამოიწვიონ.

მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქამდე უცნობი ბაქტერიები აღმოაჩინეს

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სხვა პლანეტებზე უცხო სხეულების მოხვედრამ, შესაძლოა, იქ უკვე არსებული სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს. ასევე, სავარაუდოა, რომ აპარატებმა მარსზე სწორედ დედამიწიდან ჩატანილ მიკრობებს მიაგნონ, მეცნიერებმა კი ისინი შეცდომით არამიწიერ ორგანიზმებად მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები