Thumbnail

Tesla-ს მარკის ელექტრომობილებს ბიტკოინით ვეღარ შეიძენთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია Tesla-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ საკუთარ ტვიტერ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აღნიშნული მარკის ელექტრომობილების შეძენას მომხმარებლები ბიტკოინით ვეღარ შეძლებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად ამ ციფრული ვალუტის მაინინგის, ანუ გამომუშავების პროცესში საჭირო ელექტროენერგიის მისაღებად დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის, კერძოდ კი ნახშირის მოხმარებას ასახელებს, რაც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

SpaceX მთვარეზე Dogecoin-ით დაფინანსებულ მისიას განახორციელებს

"კრიპტოვალუტის გამოყენება საკმაოდ კარგი იდეაა არაერთი თვალსაზრისით და მას ნამდვილად იმედისმომცემი მომავალი აქვს, თუმცა ეს გარემოსთვის ზიანის მიყენების ფასად არ უნდა დაგვიჯდეს. Tesla მის ანგარიშზე არსებულ ბიტკოინს არ გაყიდის და  ტრანზაქციებისთვის გამოიყენებს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მაინინგს გარემოსთვის უფრო უსაფრთხო გზით გამომუშავებული ენერგია მოხმარდება. ამასთანავე, გადახდის საშუალებად ჩვენ სხვა, ბიტკოინთან შედარებით უფრო ენერგოეფექტურ კრიპტოვალუტებსაც ვეძებთ", - ვკითხულობთ მასკის პოსტში.

Tesla-ს მარკის ელექტრომობილების შეძენას მომხმარებლები ბიტკოინით ვეღარ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ მიმდინარე წლის თებერვალში 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი იყიდა, რომლის ფასიც ამის შედეგად 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა და იმ დროისთვის რეკორდულ მაჩვენებელს, 48 ათას აშშ დოლარს მიაღწია. მარტის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია მის მიერ წარმოებული ელექრომობილების სანაცვლოდ ზემოხსენებულ ციფრულ ვალუტასაც მიიღებდა, თუმცა ამჟამად მსგავსი სახის ტრანზაქციების განხორციელება უკვე შეუძლებელია.

ილონ მასკის კომპანიამ 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა

გავრცელებული ინფორმაციით, ბიტკოინის მაინინგი ყოველწლიურად იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს, რასაც ნიდერლანდები. სწორედ ამიტომ, ილონ მასკი მისი სხვა ციფრული ვალუტებით ჩანაცვლების საკითხსაც განიხილავს. საყურადღებოა, რომ ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, მილიარდერმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, ისურვებდნენ თუ არა მომხმარებლები Tesla-ს პროდუქტის შეძენას დოჯკოინით, რაზეც უმეტესობამ დადებითი პასუხი დააფიქსირა. ბიზნესმენი ტვიტერზე გავრცელებულ პოსტში იუწყება, რომ ის ამ კრიპტოვალუტის დეველოპერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ტრანზაქციები უფრო ეფექტიანი გახადონ.

აღსანიშნავია, რომ ახლახან ცნობილი გახდა მისია DOGE-1-ის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკის კომპანია SpaceX მთვარის ორბიტაზე კანადური კორპორაციის Geometric Energy კუთვნილ მინიატურულ ხელოვნურ თანამგზავრს გაიყვანს. ფრენა მთლიანად დოჯკოინით იქნება დაფინანსებული, რაც, მათი აზრით, მის სანდოობაზე, უსაფრთხოებასა და ტრანზაქციის სისწრაფეზე მიანიშნებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ანგარიშსწორების მსგავს მეთოდს მომავალშიც მიმართონ.

კომენტარები

ბოლო ამბები