Thumbnail

დღის ფოტო: მარსზე მდებარე სანტა კრუზის ბორცვი Perseverance-ის ობიექტივში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მარსზე გაშვებული როვერის Perseverance მიერ გადაღებული ახალი სურათი გამოაქვეყნა. კადრში, რომელიც მარსმავალზე დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam-Z დააფიქსირა, წითელ პლანეტაზე მდებარე ჯეზეროს კრატერში მიმოფანტული ქვები და სანტა კრუზის სახელით ცნობილი ბორცვია ნაჩვენები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როვერმა ობიექტი ფოტოზე 2,5 კილომეტრის დისტანციიდან აღბეჭდა. 

NASA-მ Perseverance მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის ფარგლებში, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მისი ამოცანა პლანეტის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად ჯეზეროს კრატერში მცირე მასშტაბის გათხრების ჩატარებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

მარსზე მდებარე სანტა კრუზის სახელით ცნობილი ბორცვი Perseverance-ის ობიექტივში

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები