Thumbnail

ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იღუპება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლების განცხადებით, ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იღუპება. მოხსენება, რომელშიც აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული პირველი გლობალური კვლევის დეტალებზეა საუბარი, სამეცნიერო გამოცემაში Environment International გამოქვეყნდა.

► მეცნიერების თქმით, რადიაცია, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

სპეციალისტებმა კვლევის დროს 2000-2016 წლებში მსოფლიოს 194 ქვეყანაში შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2016 წელს ინსულტისა და გულის დაავადებების გამო, რომელიც მეცნიერების ვარაუდით ხანგრძლივ სამუშაო საათებს უნდა გამოეწვია, დაახლოებით 745 ათასი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კვირაში 55 საათით ან მეტი ხნით მუშაობისას ინსულტის რისკი 35 პროცენტით, გულის იშემიური დაავადებების ალბათობა კი 17 პროცენტით იმატებს. მათივე თქმით, 2000-დან 2016 წლამდე მსგავსი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები თითქმის 30 პროცენტით არის გაზრდილი.

სპეციალისტების თქმით, ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილთა 72 პროცენტს შუახნისა და უფროსი ასაკის მამაკაცები შეადგენენ. 

ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო განვითარებული დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, კერძოდ კი ჩინეთში, იაპონიასა და ავსტრალიაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობით შედგენილი ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მიზეზით გარდაცვლილთა 72 პროცენტს შუახნისა და უფროსი ასაკის მამაკაცები შეადგენენ. სპეციალისტების თქმით, ადამიანებში ზემოთ ნახსენები დაავადებები ხშირად სამუშაოსთვის თავის დანებებიდან ათწლეულების შემდეგ ვითარდება.

► მსოფლიოში 35 მილიონამდე ადამიანს შიმშილობა ემუქრება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო საათები გაცილებით უფრო გახანგრძლივდა, განსაკუთრებით კი დისტანციურად მომუშავე პირებისთვის, რაც დასაქმებულთა მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე, მათ პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. მაგალითისთვის, დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, სამსახურს კვირაში დადგენილზე საშუალოდ 6 საათით მეტ დროს უთმობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები