Thumbnail

ნახეთ: ESA მთვარეზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ახლახან გასაჯაროებული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც Moonlight-ის სახელითაა ცნობილი, მთვარის გარშემო ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს. ორგანიზაციის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ირგვლივ განლაგებული სატელიტები მომავალ კოსმოსურ მისიებს სატელეკომუნიკაციო და სანავიგაციო სერვისებით უზრუნველყოფენ.

რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე კვლევითი ბაზის მშენებლობას გეგმავენ

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიზნის მიღწევაში მათ სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანია დაეხმარება, რომლებიც ESA-ს მთვარესა და დედამიწას შორის სატელიტების მეშვეობით ეფექტიანი საკომუნიკაციო სისტემის შემუშავების გზებს შესთავაზებენ. აღნიშნულ პროექტზე მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი პარტნიორებისგან შედგენილი ორი ჯგუფი იმუშავებს. მათგან პირველს ინგლისის ქალაქ გილფორდში დაფუძნებული მიკროსატელიტების მწარმოებელი ფირმა Surrey Satellite Technology უხელმძღვანელებს, მეორეს კი სათავეში კოსმოსური ფრენების იტალიური პროვაიდერი Telespazio ჩაუდგება.

 

ახალი ინიციატივა მთვარის გარშემო მინიმუმ სამი ხელოვნური თანამგზავრის, მის ზედაპირზე კი სპეციალური გადამცემი მოწყობილობების განთავსებას ითვალისწინებს, რომლებიც ამ ციურ სხეულსა და ჩვენს პლანეტას შორის სიგნალების სწრაფად და უხარვეზოდ მიმოცვლას შეუწყობენ ხელს. ეს სხვადასხვა ორგანიზაციის, კომპანიისა თუ კვლევითი დაწესებულების მიერ მთვარეზე განხორციელებულ მისიებს ბევრად მოსახერხებელსა და ბიუჯეტურს გახდის, რადგან მათ ხომალდებს თან დამატებითი ხელსაწყოების წაღება არ დასჭირდებათ, რაც ადგილს სამეცნიერო დანიშნულების ტვირთისთვის გაათავისუფლებს.

კომპანია Nokia მთვარეზე 4G ქსელს განალაგებს

ESA-ში აღნიშნავენ იმასაც, რომ მთვარის მიმართულებით ფრენების მსგავსი გამარტივება და გაიაფება ამერიკის, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის, ინდოეთისა თუ სხვა, ამ მხრივ მოწინავე ქვეყნების გარდა, დანარჩენ სახელმწიფოებსაც წაახალისებს, რომ კოსმოსურ კვლევებში აქტიურად ჩაერთონ. არ გამორიცხავენ, რომ ამგვარმა სანავიგაციო-სატელეკომუნიკაციო სისტემამ ინოვაციური სერვისების შექმნაც განაპირობოს, როგორიცაა, მაგალითად, ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ვიდეოთამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები