Thumbnail

ავსტრიაში პაციენტს შეცდომით ჯანსაღი ფეხი მოკვეთეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრიის ქალაქ ფრაიშტადტში მდებარე საავადმყოფოში ასაკოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაციის დროს შეცდომით ჯანსაღი ფეხი მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში ავრცელებს.

► ქირურგებს საკუთარ დაბადების დღეს ჩატარებული ოპერაციისას მეტი პაციენტი ეღუპებათ

ფრაიშტადტის კლინიკის წარმომადგენელთა თქმით, 82 წლის მამაკაცს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე დაავადება აწუხებს, მარცხენა ფეხის ამპუტაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა ამის ნაცვლად ქირურგებმა მას მუხლს ზემოთ მარჯვენა კიდური მოკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა ამის შესახებ მაშინ შეიტყეს, როდესაც პაციენტს ახლად ნაოპერაციებ ფეხზე სახვევს უცვლიდნენ. როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ოპერაციის წინ ნიშანი შეცდომით მეორე კიდურზე გააკეთა, რამაც აღნიშნული ინციდენტი გამოიწვია.

ავსტრიის ქალაქ ფრაიშტადტში მდებარე საავადმყოფო, სადაც პაციენტს შეცდომით ჯანსაღი ფეხი მოკვეთეს. ფოტო: Zenger News 

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ აცნობეს, მამაკაცს კი ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზეს. როგორც ცნობილია, საავადმყოფოს წარმომადგენლები ადგილობრივ პროკურატურასთან თანამშრომლობენ და სამართალდამცველებს ინციდენტის დეტალებზე ინფორმაციას აწვდიან. რაც შეეხება ქირურგს, რომელიც ოპერაციას უძღვებოდა, მან მოვალეობის შესრულებაზე საკუთარი ნებით დროებით უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 82 წლის პაციენტს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება, რომლის დროსაც მას ამჯერად უკვე მარცხენა ფეხს მოკვეთენ.

► აშშ-ში თავის ქალებით შეერთებული ტყუპები წარმატებით განაცალკევეს

აღსანიშნავია, რომ მსაგვსი შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოს, სენტ ლუსიის დედაქალაქ კასტრიში განლაგებულ საავადმყოფოშიც მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშინ ქირურგებმა შეცდომით ჯანსაღი ფეხი ქალ პაციენტს მოკვეთეს.

კომენტარები

ბოლო ამბები