Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა ყველაზე შორეული სპირალური გალაქტიკა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიაში მდებარე SOKENDAI-ის სახელით ცნობილ უნივერსიტეტსა და იმავე ქვეყნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სახელმწიფო ინსტიტუტში მომუშავე ასტრონომებმა ყველაზე შორეული სპირალური გალაქტიკა აღმოაჩინეს. გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ამ უკანასკნელსა და ჩვენ შორის იმდენად დიდი მანძილია, რომ მისგან მომავალ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 12,4 მილიარდი წელი სჭირდება.

მეცნიერებმა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული კვაზარი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკა, ოფიციალური სახელწოდებით BRI 1335-0417, ატაკამის უდაბნოში განლაგებული, 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით დააფიქსირეს. ხელსაწყოს მიერ მოპოვებულ სურათზე ნაჩვენები ობიექტი მაშინ წარმოიქმნა, როცა სამყარო ჯერ მხოლოდ 1,4 მილიარდი წლის იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარმა სტრუქტურებმა ფორმირება იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე აქამდე გვეგონა. გავრცელებული აზრით, კოსმოსში არსებულ ვარსკვლავთა უმეტესობა დიდი აფეთქებიდან 3,3 მილიარდ წელში გაჩნდა, ეს კი გალაქტიკების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

სპირალური გალაქტიკა, ოფიციალური სახელწოდებით BRI 1335-0417. ფოტო: ALMA

აღსანიშნავია, რომ სპირალური გალაქტიკები ყველაზე განვითარებულად მიიჩნევიან. მათი ფორმირების პირველ ეტაპზე ცხელი აირებისგან შედგენილი მატერია ერთად იყრის თავს, ბრუნვას იწყებს და დისკის ფორმას იღებს. მხოლოდ ამის შემდეგ იკვეთება მასში ერთგვარი შვერილები, რომლებიც ვარსკვლავების გაჩენას უწყობენ ხელს. BRI 1335-0417-ს სწორედ ორი ასეთი სპირალური წანაზარდი აქვს, რომელთა რადიუსი 6,500-16,300 სინათლის წელს შეადგენს. ასტრონომთა ვარაუდით, ამხელა მასშტაბების მქონე ობიექტის წარმოქმნა სხვა, შედარებით პატარა გალაქტიკასთან შერწყმამ განაპირობა.

დღის ფოტო: მომაკვდავი გალაქტიკა ჰაბლის ტელესკოპის ობიექტივში

მეცნიერთა დაკვირვებით, BRI 1335-0417-ის კიდესთან არსებული აირი გრავიტაციულად არასტაბილურია, რაც ზემოხსენებულ ჰიპოთეზას ამყარებს, რადგან ეს, შესაძლოა, სხვადასხვა ზომის გალაქტიკათა შეჯახების შედეგი იყოს. ნაშრომის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ მან მომავალში ფორმა შეიცვალოს და ელიფსურ გალაქტიკად იქცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები