Thumbnail

იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანები არსებობდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტსა და საფრანგეთში განლაგებულ ნანტის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები ამერიკელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ იუპიტერის მთვარე ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანები არსებობდეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

იუპიტერის მთვარე ევროპა შესაძლოა, სიბნელეში ანათებდეს

ევროპა მზის სისტემის უდიდესი პლანეტის, აირის გიგანტად წოდებული იუპიტერის 79 ბუნებრივი თანამგზავრიდან ერთ-ერთია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მისი ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ მლაშე წყლით სავსე უზარმაზარი ოკეანე მდებარეობს, რომელიც კლდოვან ფსკერს ფარავს. მეცნიერთა მიერ შექმნილი სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელის თანახმად, ამ უკანასკნელზე მნიშვნელოვან გავლენას იუპიტერის მძლავრი გრავიტაცია ახდენს, რომელიც მის დეფორმაციას იწვევს. შედეგად წარმოქმნილი სითბო კი ევროპის ოკეანეს გაყინვისგან იცავს და შესაძლოა, კლდოვანი მანტიის ზედა შრის ლღვობასაც განაპირობებდეს. სპეციალისტთა აზრით, ეს იქ ვულკანების ფორმირებასა და გააქტიურებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ევროპის პოლუსების მიმდებარედ.

ილუსტრაციაზე იუპიტერის მთვარე ევროპის აგებულებაა ნაჩვენები. ფოტო: NASA

აღსანიშნავია, რომ ვულკანური აქტივობა დადასტურებულია იუპიტერის მთვარე იოზე, რომელზეც ლავა, ცხელი აირები და მტვერი 400 კილომეტრ სიმაღლეზე იფრქვევა. მეცნიერთა ჰიპოთეზით, ამის მიზეზი სწორედ ზემოხსენებული ურთიერთქმედების პროცესია. ეს ბუნებრივი თანამგზავრი პლანეტასთან საკმაოდ ახლოს გადაადგილდება, შესაბამისად, მასზე იუპიტერის მიზიდულობის ძალა უფრო მეტად მოქმედებს. ევროპა ციური სხეულისგან შედარებით დიდი მანძილითაა დაშორებული, თუმცა ასტრონომები უკვე რამდენიმე ათწლეულია იქ იმავე მექანიზმით ვულკანების წარმოქმნის შესაძლებლობას განიხილავენ.

NASA-ს ხომალდმა იუპიტერის მთვარიდან მომავალი FM რადიოსიგნალი დააფიქსირა

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ევროპის წყალქვეშა ვულკანები ისეთი ჰიდროთერმული სისტემების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, როგორსაც დედამიწის ოკეანეების ფსკერზე ვხვდებით. იქ მაგმა წყალთან შედის რეაქციაში, რის შედეგადაც ქიმიურ ენერგიას ვიღებთ, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ იუპიტერის მთვარეზეც იგივე ხდებოდეს. ისინი მეტი ინფორმაციის მოპოვებას NASA-ს მისიის Europa Clipper განმავლობაში შეეცდებიან, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ზონდის გაშვება 2024 წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები