Thumbnail

პანსპერმიის ჰიპოთეზის გამოსაცდელად NASA-ს იარაღიდან მიკრო-ცხოველები გაისროლეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე კენტის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი სპეციალური იარაღიდან გამძლეობით გამორჩეული მიკროსკოპული ორგანიზმები, ნელამავლები გაისროლეს. ექსპერიმენტის მიზანი პანსპერმიის სახელით ცნობილი ჰიპოთეზის გამოცდა იყო, რომლის თანახმადაც, სამყაროში სიცოცხლე მეტეორიტების, ასტეროიდების, კომეტების, პლანეტოიდებისა თუ კოსმოსური მტვრის მეშვეობით გავრცელდა.

ბაქტერიებს დედამიწიდან მარსამდე ცოცხლად მიღწევა შეუძლიათ

ნელამავლები, რომლებიც ლათინური სახელწოდებით Tardigrada არიან ცნობილი, რვაფეხა უხერხემლო არსებები არიან. მცირე ზომიდან გამომდინარე, მათი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. ისინი დედამიწაზე მობინადრე სხვა მრავალუჯრედიან ორგანიზმებს არ ჰგვანან, რადგან უკიდურესად მაღალ ან დაბალ ტემპერატურას, კოსმოსის ვაკუუმსა და დიდი რაოდენობით გამოსხივებას მარტივად უძლებენ. ნელამავლები ისრაელის მიერ 2019 წელს მთვარეზე გაგზავნილ ხომალდზე Beresheet იმყოფებოდნენ, როცა ის მწყობრიდან გამოვიდა და ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შეეჯახა. იმის გასარკვევად, გადაურჩებოდნენ თუ არა ისინი მსგავს კატასტროფას, ნაშრომის ავტორებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს, რისთვისაც NASA-ს ხელთ არსებული, მსუბუქ აირზე მომუშავე ორსაფეხურიანი იარაღი გამოიყენეს.

ასე გამოიყურება ნელამავალი. ფოტო: Eye of Scinece

მეცნიერებმა ოცამდე ნელამავალი შეაგროვეს, მინერალური წყლითა და ხავსით გამოკვებეს, შემდეგ კი 48 საათის განმავლობაში გაყინეს, რაც მათ ჰიბერნაციაში, ანუ მეტაბოლიზმის შენელებაში დაეხმარა. მსგავს მდგომარეობაში მყოფი ცხოველები სპეციალისტებმა ნეილონის ექსპანსიურ ტყვიაში მოათავსეს და ზემოხსენებული იარაღის მეშვეობით რამდენიმე მეტრის მანძილზე გაისროლეს. აღმოჩნდა, რომ მათ შესწევთ ძალა, დაახლოებით 0.833 კმ/წმ სიჩქარით შეჯახებასა და 1.14 გიგაპასკალ წნევას გადაურჩნენ, თუმცა ამ ნიშნულის გადალახვისას იხოცებიან. აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ორი წლის წინ მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ისინი მთვარის ზედაპირზე სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებდნენ.

NASA-ს, შესაძლოა, მარსზე სიცოცხლე გაევრცელებინა

ეს გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს პანსპერმიის ჰიპოთეზასაც, თუმცა მის მართებულობას ბოლომდე არ გამორიცხავს. დედამიწაზე მეტეორიტები დაახლოებით 11 კმ/წმ, მარსზე კი 8 კმ/წმ სიჩქარით ეცემიან, რაც ზემოაღნიშნულ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის მიუხედავად, შეჯახების დროს დაფიქსირებული წნევა, შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს. ამასთან, არსებობს შესაძლებლობა, რომ მარტივმა ორგანიზმებმა პლანეტიდან მის ბუნებრივ თანამგზავრამდე, მაგალითად, დედამიწიდან მთვარემდე ან მარსიდან ფობოსამდე ცოცხლად მიაღწიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები