Thumbnail

ნახეთ: ტასმანიური ეშმაკები ველურ გარემოში 3,000 წლის შემდეგ პირველად გაჩნდნენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გადაშენების პირას მყოფი ხორცისმჭამელი ჩანთოსნები, ტასმანიური ეშმაკები ავსტრალიის კონტინენტზე, ველურ გარემოში 3 ათასი წლის შემდეგ პირველად გაჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე დაცულ ტერიტორიაზე ქვეყანას აღნიშნული სახეობის წარმომადგენელი შვიდი ძუძუმწოვარი მოევლინა.

► ნახეთ: უკანასკნელი ტასმანიური მგლის ამსახველი ვიდეომასალა

აღსანიშნავია, რომ ტასმანიური ეშმაკების გადარჩენასა და გამრავლებას ავსტრალიაში დაფუძნებული ორგანიზაცია Aussie Ark თითქმის ათი წელია ცდილობს. იქ მომუშავე გარემოს დამცველებმა გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სიდნეის ჩრდილოეთით, დაახლოებით 400 ჰექტარზე გადაჭიმულ დაცულ ტერიტორიაზე ამ სახეობის 26 ინდივიდი გაუშვეს. შედეგად, 30 საუკუნის შემდეგ პირველად თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში შთამომავლები სწორედ ამ ცხოველებმა დაბადეს. როგორც ცნობილია, ძუძუმწოვრების ადგილმდებარეობასა და უსაფრთხოებას ორგანიზაციის თანამშრომლები GPS-ით აღჭურვილი სპეციალური საყელურებისა და კამერების მეშვეობით აკონტროლებენ.

 

ტასმანიური ეშმაკები თავდაპირველად ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, თუმცა ბოლოს ისინი მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე შემორჩნენ. მეცნიერთა ვარაუდით, კონტინენტზე მათი გადაშენება ველური ძაღლი დინგოს გავრცელებამ და ადგილობრივი მონადირეების მიერ ამ ცხოველის ძირითადი საკვების, მცირე და საშუალო ზომის ძუძუმწოვრების განადგურებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ტასმანიაზე შემორჩენილი ჩანთოსნებისთვის ძირითად საფრთხეს ევროპელი ახალმოსახლეები წარმოადგენდნენ, რომლებიც 1941 წელს ნადირობის ოფიციალურად აკრძალვამდე მათ უმოწყალოდ ხოცავდნენ. 1990-იან წლებში სიმსივნური დაავადების გავრცელების შემდეგ აღნიშნულ ძუძუმწოვართა პოპულაციის დაახლოებით 90 პროცენტი განადგურდა, 2009 წელს კი ტასმანიური ეშმაკი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ 25 ათასი ინდივიდია შემორჩენილი.

► ნახეთ: კენტის საგრაფოში შავი ფერის იაგუარი დაიბადა

Aussie Ark მომავალი ორი წლის განმავლობაში ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე დაცულ ტერიტორიაზე კიდევ 40 ტასმანიური ეშმაკის გაშვებას გეგმავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ისინი სხვა მტაცებლებს, კერძოდ, კატებსა და მელიებს დააფრთხობენ, რომლებიც ავსტრალიაში მცხოვრებ მცირე ზომის ძუძუმწოვრებს ანადგურებენ და ამგვარად, ადგილობრივ ეკოსისტემაში ინვაზიური სახეობების გავრცელებით გამოწვეული დისბალანსის აღმოფხვრას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები