Thumbnail

მეცნიერებმა დაადგინეს მაქსიმალური ასაკი, რომლამდე მიღწევაც ადამიანს შეუძლია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სინგაპურში დაფუძნებულ კომპანიას Gero PTE და  მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაადგინეს მაქსიმალური ასაკი, რომლამდე მიღწევაც ადამიანს შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Communications ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მდედრობითი სქესის ძუძუმწოვრები მამრებზე დიდხანს ცოცხლობენ

სპეციალისტებმა ყურადღება ბიოლოგიურ ასაკზე გაამახვილეს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების მდგომარეობა განსაზღვრავს. მასზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობაც - რაც უფრო ნაკლებია პირველი, მით მეტია მეორე. მასზე დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, მაგალითად, ნიკოტინის მოხმარება ორგანიზმზე უარყოფითად აისახება, ვარჯიში კი პირიქით. შესაბამისად, ბიოლოგიური ასაკი მუდმივად ცვალებადია, განსხვავებით ქრონოლოგიურისგან, რომელიც შეუქცევადია. დროის მსვლელობასთან ერთად ადამიანი სხვადასხვა დაავადების მიმართ უფრო და უფრო მოწყვლადი ხდება, იქნება ეს ნევროლოგიური დარღვევები თუ განუკურნებელი სნეულებები. პიროვნების ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება კი სისხლის საერთო ანალიზითაა შესაძლებელი.

მსოფლიოში უხუცესი ადამიანი, 118 წლის იაპონელი კანე ტანაკა.

მეცნიერებმა კვლევის 544,398 მონაწილის სისხლის საერთო ანალიზი შეისწავლეს და მიღებული შედეგები ფიტნეს კომპანიის Fitbit მიერ მიწოდებულ მონაცემებთან შეაჯერეს. ეს უკანასკნელი ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფს აერთიანებდა. ნაშრომის ავტორები დააკვირდნენ, როგორ იცვლებოდა მათი ბიოლოგიური ასაკი და ამის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორს მიაგნეს, რომელსაც ორგანიზმის დინამიკური მდგომარეობის ინდიკატორი უწოდეს. ეს არის ფიზიკური ძალების აღდგენის უნარი, რომლის გაქრობაც სიკვდილს მოასწავებს. ამის მიხედვით მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ ჩვენი სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 120-150 წელია.

მდედრი ჟირაფები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, როცა მეგობრები ჰყავთ

მეცნიერთა განცხადებით, აღნიშნულ ასაკზე დიდხანს სიცოცხლე ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს იგი. ისინი ფიქრობენ, რომ დაბერების პროცესის შესანელებლად მედიცინამ არა დაავადებებთან ბრძოლის, არამედ სწორედ ძალების აღდგენის უნარის შენარჩუნების გზები უნდა ეძებოს.

კომენტარები

ბოლო ამბები