Thumbnail

კანადას 2026 წლისთვის მთვარეზე საკუთარი როვერის გაგზავნა სურს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადის ხელისუფლების ახალი ინიციატივის თანახმად, ქვეყანა 2026 წლისთვის მთვარეზე საკუთარ როვერს გაგზავნის, რაშიც მას ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნური სააგენტო (NASA) დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის ინოვაციების, მეცნიერებისა და მრეწველობის მინისტრი, ფრანსუა-ფილიპ შამპანი ავრცელებს.

რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე კვლევითი ბაზის მშენებლობას გეგმავენ

კანადის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მთვარემავალი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის პოლარულ რეგიონს შეისწავლის. ამისთვის მასზე მინიმუმ ორი სამეცნიერო ხელსაწყო დამონტაჟდება - კანადური და ამერიკული. მისიის განმავლობაში როვერი ციური სხეულის ზედაპირზე დაკვირვებას, გეოლოგიური მონაცემების მოპოვებასა და სურათების გადაღებას შეეცდება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, გადაურჩეს მთვარეზე არსებულ ღამეს, რომელიც ჩვენი პლანეტის 14 ღამეს უდრის. ამ დროს იქ უკიდურესად ბნელა და ცივა, რაც მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ქვეყნის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ორ ადგილობრივ კომპანიას შეარჩევს, რომლებიც ზემოხსენებული ხომალდისა და ხელსაწყოების შექმნაზე იმუშავებენ.

ილუსტრაციაზე Canadarm3-ის სახელით ცნობილი ხელსაწყოს ხედავთ, რომელსაც კანადა NASA-ს მთვარის კოსმოსური სადგურისთვის ქმნის. ფოტო: CSA

აღსანიშნავია, რომ კანადის მთავრობამ მთვარის სათანადო გამოკვლევისთვის საჭირო ტექნოლოგიების განსავითარებლად 3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ეს თანხა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სპეციალური კომპიუტერის, პანორამული კამერებისა და სანავიგაციო სისტემის შექმნას მოხმარდება, რომელსაც იაპონური მისიის Hakuto-R განმავლობაში დედამიწის თანამგზავრზე 2022 წელს გამოცდიან. ამის გარდა, კანადა NASA-ს პარტნიორია პროგრამა "არტემისის" ფარგლებში. კერძოდ, მან მთვარის ორბიტაზე განსათავსებელი კოსმოსური სადგურისთვის Lunar Gateway 8,5-მეტრიანი მექანიკური ხელი უნდა დაამზადოს, რომელიც Canadarm3-ის სახელითაა ცნობილი. მისი ფუნქცია ხომალდების დაჭერა, მოდულების გადაადგილება, მათი შეკეთება და ღია კოსმოსში გასვლისას ასტრონავტების დამხმარება იქნება.

ნახეთ: ESA მთვარეზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს

კანადის ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალი ინიციატივა ქვეყანას კოსმოსური კვლევების მიმართულებით მოწინავე ადგილის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს. ასევე, აღნიშნულ სექტორში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, სახელმწიფოს ეკონომიკა კი შედეგად სოლიდურ მოგებას მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები