Thumbnail

ნახეთ: 2025 წლიდან ევროპის ქალაქებს შორის ჰიბრიდული დირიჟაბლები იფრენენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბრიტანული სტარტაპის Hybrid Air Vehicles მიერ შექმნილი ჰიბრიდული დირიჟაბლები 2025 წლიდან დასახლებულ პუნქტებს შორის იფრენენ. გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბედფორდში დაფუძნებული კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავების მსგავსი საფრენი აპარატებით ჩანაცვლება ჰაერის დაბინძურების დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Hybrid Air Vehicles-ის მიერ შექმნილი ჰიბრიდული დირიჟაბლი, რომელსაც Airlander 10-ის სახელით მოიხსენიებენ, სამგზავრო ავიალაინერთან შედარებით ჰაერში დაახლოებით 90 პროცენტით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს. როგორც ცნობილია, კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარი საფრენი აპარატის მთლიანად ელექტრო ძრავით აღჭურვას ისახავს მიზნად, რაც მის მიერ ატმოსფეროში CO2-ის ემისიას კიდევ უფრო შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ Airlander 10, რომელიც ას ადამიანზეა გათვლილი, ასაფრენად და დასაჯდომად სპეციალურ მოედანს არ იყენებს. ამისთვის მას მხოლოდ ბრტყელი ზედაპირი სჭირდება.

 

Hybrid Air Vehicles-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დირიჟაბლით ავიარეისების შესრულებას ბარსელონასა და პალმა დე მალიორკას შორის გეგმავენ. მათი თქმით, ესპანეთის ამ ქალაქებს შორის აპარატი მგზავრებს დაახლოებით ოთხ საათ-ნახევარში გადაიყვანს. რაც შეეხება კომპანიის მიერ დაგეგმილ სხვა მარშრუტებს, Airlander 10 დიდ ბრიტანეთში, ლივერპულსა და ბელფასტს შორის იფრენს. აღნიშნულ ქალაქებს შორის არსებული მანძილის დაფარვას დირიჟაბლი ხუთ საათსა და ოც წუთში შეძლებს. ავიარეისების შესრულება იგეგმება კანადაში, სიეტლიდან ვანკუვერისკენ და უკუმიმართულებით. ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში მგზავრები ექვს საათ-ნახევარში მოხვდებიან. Airlander 10, ასევე, ნორვეგიისა და შვედეთის დედაქალაქებს, ოსლოსა და სტოკჰოლმს შორის იფრენს. ამ შემთხვევაში მას ერთი რეისის შესასრულებლად დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდება.

ნახეთ: საჰაერო ბურთი, რომელიც ადამიანებს სტრატოსფეროში აიყვანს

Air Vehicles-მა დირიჟაბლის შექმნა, რომელსაც თავდაპირველად HAV 304-ის სახელით მოიხსენიებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების არმიისთვის დაიწყო. კომპანიამ აპარატის პროტოტიპი პირველად 2012 წელს გამოცადა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ Hybrid Air Vehicles-მა დირიჟაბლი გადააკეთა და სახელად Airlander 10 უწოდა. როგორც ცნობილია, აპარატის სიგრძე 92 მეტრს, სიმაღლე კი 26 მეტრს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ტესტირების დროს მან ჰაერში 2,100 მეტრზე ასვლა და დაახლოებით 90 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები