Thumbnail

დედამიწაზე ტემპერატურამ მალე, შესაძლოა, საგანგაშო ზღვარს მიაღწიოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ ახლახან გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე ტემპერატურამ მალე, შესაძლოა, საგანგაშო ზღვარს მიაღწიოს. აღნიშნული ვარაუდი 11 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში განლაგებულ კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კლიმატურ ანალიზს ეფუძნება.

საუკუნის ბოლოსთვის ზაფხული, შესაძლოა, 6 თვე გაგრძელდეს

გაერთიანებულ სამეფოში მდებარე მეტეოროლოგიურ სამსახურში მოღვაწე სპეციალისტებისა და მათი უცხოელი კოლეგების მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელის მიხედვით, 40 პროცენტია იმის შანსი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რომელიმე ერთ წელს მაინც მსოფლიო ტემპერატურა 1,5 °C-ით გაიზარდოს. აქამდე გავრცელებული მოსაზრებით, ამის ალბათობა მხოლოდ 20 პროცენტი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე იმაზე მეტად დაცხება, ვიდრე 1850-1900 წლებში. მკვლევართა განცხადებით, მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ჩვენს პლანეტაზე მზარდი ტემპერატურული მაჩვენებლები ფიქსირდება, რის გამოც ეს უკანასკნელი ზემოხსენებულ ზღვარს უფრო და უფრო უახლოვდება.

მსოფლიო ტემპერატურის ცვლილება 1850 წლიდნ 2025 წლამდე. ფოტო: Met Office

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სახელმწიფოებს შორის გაფორმებული პარიზის შეთანხმების თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდა ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1,5 °C-მდე უნდა შეიზღუდოს. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ ერთ წელს 1,5 °C-ით მომატებული სითბო ამ მიზნის მიღწევას ხელს არ შეუშლის, რადგან საუბარია არა ხანგრძლივ პერიოდზე, არამედ დროის მოკლე მონაკვეთზე. მათი ვარაუდით, ჩვენს პლანეტაზე არსებული ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულის პერმანენტულად გადაკვეთას ბევრად გვიან, კერძოდ, ორ ან მეტ ათწლეულში დაიწყებს.

მსოფლიოში მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა

მკვლევართა თქმით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოწმობს, რომ უმოკლეს ვადაში ატმოსფეროში მავნე აირების კონცენტრაციის შემცირებაა საჭირო, რაც გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ტექნოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის გზით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა ბევრად გაუარესდება და გლობალური დათბობის პროცესი შეუქცევადი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები