Thumbnail

ნახეთ: იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს მთვარეზე ტრანსფორმერი რობოტის გაგზავნა სურს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში დაფუძნებულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან ispace გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს ტრანსფორმერი რობოტის შექმნა ევალება. მას ორგანიზაცია მთვარეზე HAKUTO-R-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში 2022 წელს გაუშვებს.

ნახეთ: გერმანიის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი ტრანსფორმერი ელექტრომობილი

წინასწარი ინფორმაციით, სფერული ფორმის მთვარემავლის დიამეტრი მხოლოდ 80 მილიმეტრი იქნება, მისი წონა კი 250 გრამს შეადგენს. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე არსებულ უსწორმასწორო გრუნტზე, რეგოლითზე გადასაადგილებლად ის ორ ბორბალს გამოიყენებს, რომელიც რობოტის გვერდებზე ტრანსფორმაციის შედეგად გამოჩნდება. როგორც ცნობილია, მცირე ზომითა და სიმსუბუქით გამორჩეული აპარატი მთვარეზე სურათების გადაღებასა და გეოლოგიური მონაცემების მოპოვებას შეეცდება, ციური სხეულისთვის დამახასიათებელ მკაცრ პირობებს კი მარტივად გაუძლებს. მასზე სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყო დამონტაჟდება, რომელთა შექმნაზეც იაპონიის ქალაქ კიოტოში მდებარე დოშიშას უნივერსიტეტში მოღვაწე სპეციალისტები, ასევე, კომპანიები Sony და Tomy იმუშავებენ.

ილუსტრაციაზე ტრანსფორმერი რობოტის წინასწარი დიზაინია ნაჩვენები. ფოტო: JAXA

აღსანიშნავია, რომ იაპონიის კოსმოსური სააგენტოს კომერციული მისია HAKUTO-R მთვარეზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კუთვნილი როვერის Rashid გაგზავნასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია JAXA-მ ჯერ კიდევ წინა თვეში გაასაჯაროვა. რაც მთავარია, ის დედამიწის თანამგზავრზე საკუთარ ლენდერს გაუშვებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს ორი ქვეყანა იმ სახელმწიფოთა სიას შეუერთდება, რომელთა ხომალდებმაც მთვარეზე წარმატებით დაშვება შეძლეს. ესენი არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.

NASA მარსზე რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს

სააგენტოს ცნობით, ტრანსფორმერი რობოტის მიერ შეგროვებული მონაცემები მკვლევრებს მაღალგანვითარებული მთვარემავლის Lunar Cruiser დიზაინის გაუმჯობესებაში დაეხმარება, რომელზეც იაპონური კომპანია Toyota მუშაობს. როვერი მზად, სავარაუდოდ. 2029 წლისთვის იქნება. მას ასტრონავტები ციურ სხეულზე სამოძრაოდ გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები