Thumbnail

ნახეთ: ისლანდიაში ლავით სავსე ვულკანის კრატერში დრონი ჩავარდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ახლახან გააქტიურებული ვულკან ფაგრადალსფიალის გავარვარებული ლავით სავსე კრატერში უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა. შთამბეჭდავი კადრები საკუთარ იუთუბის არხზე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ჯოი ჰელმსმა გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნულ დრონს მართავდა.

► ნახეთ: დრონმა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გადაიღო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯოი ჰელმსი ვულკან ფაგრადალსფიალის ამოფრქვევას ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის DJI მიერ წარმოებული აპარატით, სახელწოდებით FPV იღებდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს 140 კმ/სთ სიჩქარით ფრენა და ჰაერში ურთულესი მანევრების შესრულება შეუძლია, რაც მისი ჩამოვარდნის შანსებს ზრდის. მართალია, ჰელმსი დრონის დაკარგვით გულდაწყვეტილია, თუმცა კმაყოფილია, რომ აპარატის მიერ ლავით სავსე კრატერში ჩავარდნამდე გადაღებული კადრების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება შეძლო.

 

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიალი მიმდინარე წლის 19 მარტს გააქტიურდა. აღსანიშნავია, რომ ის გასული 6 ათასი წლის განმავლობაში წელს პირველად ამოიფრქვა. ვულკანის სანახავად რეიკიანესის ნახევარკუნძულს ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს. 385 მეტრი სიმაღლის ფაგრადალსფიალი კრისუვიკის სახელით ცნობილი ვულკანური სისტემის შემადგენლობაში შედის, სადაც გასული 900 წლის განმავლობაში ამოფრქვევა პირველად დაფიქსირდა.

► დღის ფოტო: პოლარული ნათება ვულკან ფაგრადალსფიალის თავზე

ისლანდიაში, რომელიც ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკურ ფილებს შორისაა განლაგებული, საერთო ჯამში 32 აქტიური ვულკანური სისტემა მდებარეობს. როგორც ცნობილია, იქ ამოფრქვევა საშუალოდ წელიწადში ხუთჯერ ფიქსირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები