Thumbnail

მეცნიერებმა ადამიანის ქრომოსომების ზუსტი წონა დაადგინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯსა და იმავე ქვეყნის სინქროტონული კვლევების ცენტრში Diamond მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ადამიანის ქრომოსომების ზუსტი წონის დადგენა შეძლეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Chromosome Research ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ახალი მეთოდით ჰაერიდან დნმ-ის ნიმუშების მოპოვებაა შესაძლებელი

ადამიანის ორგანიზმის შემადგენელი თითოეული უჯრედის ბირთვი ქრომოსომთა 23 წყვილს შეიცავს. ამ მიკრომოლეკულებში, რომელთა საერთო რაოდენობა 46-ია, ჩვენი დნმ-ია მოთავსებული. შესაბამისად, ისინი მნიშვნელოვან გენეტიკურ ინფორმაციას ინახავენ და სხეულის ზრდა-განვითარების პროცესში დიდ როლს ასრულებენ. ქრომოსომები მეცნიერებმა მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მათ ფუნქციებზე ბევრი რამ შეიტყვეს, თუმცა ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. სწორედ ამიტომ, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც რენტგენული პტიქოგრაფიის მეთოდი გამოიყენეს.

სურათზე ადამიანის ქრომოსომები რენტგენული დასხივებისას არის ნაჩვენები. ფოტო: Chromosome Research

სპეციალისტებმა დასაკვირვებლად მეტაფაზაში, ანუ გაყოფის მეორე ფაზაში მყოფი სისხლის თეთრი უჯრედები, ლეიკოციტები შეარჩიეს და მათკენ მძლავრი რენტგენული სხივები მიმართეს. მოლეკულებში გამავალმა ელექტრომაგნიტურმა ტალღებმა მათი სტრუქტურა გამოკვეთა, რის შედეგადაც ნაშრომის ავტორებმა თითოეული ქრომოსომის სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს და ამ უკანასკნელში არსებული ელექტრონების რაოდენობა გამოთვალეს. ამ უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების წონა კარგადაა ცნობილი, რაც მეცნიერებს თავად ქრომოსომების წონის დადგენაში დაეხმარა, რომელიც 242 პიკოგრამს, ანუ გრამის მეტრილიონედს შეადგენს.

კვანტურ პროცესებს ადამიანის დნმ-ის შეცვლა შეუძლია

აღსანიშნავია, რომ ქრომოსომების წონა მათში მოთავსებული დნმ-ისას დაახლოებით 20-ჯერ აღემატება, რაც მკვლევრებისთვის მოულოდნელი იყო. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი მსგავს მოლეკულებში შემავალი ის კომპონენტებია, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნების წყალობით ადამიანის ორგანიზმსა და მის ფუნქციონირებაზე მეტს გავიგებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები