Thumbnail

ნახეთ: მექსიკაში უზარმაზარი ღრმული გაჩნდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მექსიკის პუებლას შტატში მდებარე ქალაქ სანტა მარია ზაკატეპეკში დაახლოებით 6,500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა ჩავარდა, რის შედეგადაც იქ 90 მეტრზე მეტი დიამეტრის მქონე, 18 მეტრი სიღრმის ორმო გაჩნდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ფართოვდება ღრმული, რის გამოც შემთხვევის ადგილზე მისული ადგილობრივი მაცხოვრებლები თავს გაქცევით შველიან.

► ნახეთ: იტალიაში კოვიდ-კლინიკის ავტოსადგომზე 20-მეტრიანი ღრმული გაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანტა მარია ზაკატეპეკში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად 5 მეტრამდე დიამეტრის ორმო წარმოიქმნა, თუმცა სამ დღეში მისმა ზომამ 90 მეტრს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ღრმული, რომელშიც ამჟამად წყალია დაგუბებული, ისევ ფართოვდება, რის გამოც ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა.

 

მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, ღრმულის გაჩენა ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესებთან არის დაკავშირებული. გარემოს დამცველების ვარაუდით კი მომხდარი, შესაძლოა, აღნიშნულ რეგიონში ნიადაგის წყალშემცველი ფენების ჭარბ მოხმარებას გამოეწვია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ცნობით, იმ ნაკვეთის ადგილზე, სადაც ორმო წარმოიქმნა, ადრე ტბორი იყო. როგორ ცნობილია, ამჟამად შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენას ცდილობენ.

► ნახეთ: ციმბირში 50-მეტრიანი ღრმული გაჩნდა 

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღრმულთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მთავრობა მათ უახლოეს მომავალში მომხდარის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები