Thumbnail

Tesla-ს ელექტრომობილმა Model S Plaid სისწრაფის რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანიის Tesla მიერ გამოშვებულმა ელექტრომობილმა Model S Plaid სერიული წარმოების მანქანებს შორის მილის მეოთხედ დისტანციაზე (402 მეტრი) სისწრაფის ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი კომიკოსი და ავტომობილების კოლექციონერი, ჯეი ლენო ავრცელებს, რომელიც აღნიშნული მოვლენის შემსწრე გახდა.

► ნახეთ: SSC Tuatara მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გახდა 

ჯეი ლენოს განცხადებით, Model S Plaid-მა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ბეიკერსფილდში განლაგებულ ფამოსოს ავტოდრომზე 402 მეტრი დისტანცია 9.247 წამში დაფარა, რა დროსაც ელექტრომობილმა თითქმის 245 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. შედეგად მან კომპანია Bugatti-ს მოდელის Chiron Sport მიერ ამავე მანძილზე ნაჩვენები დრო, 9.4 წამი გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული ავტომწარმოებლის მანქანამ მილის მეოთხედ დისტანციაზე დაახლოებით 254 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

Tesla-ს ელექტრომობილი Model S Plaid. ფოტო: Tesla

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Model S Plaid საზოგადოებას 2020 წლის სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. ელექტრომობილს სამი ძრავა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1,020 ცხენის ძალაა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მანქანა 2 წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია. Model S Plaid ელემენტის ერთი დამუხტვით თითქმის 630 კილომეტრს გადის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლაგუნა სეკას სახელით ცნობილ ავტოდრომზე ტესტირების დროს მანქანას 3600-მეტრიანი ტრასისთვის წრის დასარტყმელად 1 წუთი და 30 წამი დასჭირდა.

► Tesla-ს მარკის ელექტრომობილებს ბიტკოინით ვეღარ შეიძენთ

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილონ მასკის კომპანია Model S Plaid-ის გაყიდვას მიმდინარე წლის 10 ივნისიდან დაიწყებს. როგორც ცნობილია, Tesla-ს ახალი ელექტრომობილის შეძენას მსურველები დაახლოებით 78 ათას აშშ დოლარად შეძლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები