Thumbnail

მეცნიერებმა, შესაძლოა, ახალი მაგნეტარი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილ ნილ გირლესის სახელობის კოსმოსურ ტელესკოპზე Swift დამონტაჟებულმა ხელსაწყომ BAT ხანმოკლე რენტგენული გამოსხივება დააფიქსირა. მეცნიერთა განცხადებით, ის, შესაძლოა, ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპის მნათობისგან, მაგნეტარისგან მოდიოდეს.

ნახეთ: მეცნიერებმა ყველაზე შორეული სპირალური გალაქტიკა აღმოაჩინეს

მკვლევართა ინფორმაციით, ტელესკოპმა აღნიშნული სიგნალი ირმის ნახტომის გალაქტიკის სიბრტყეში, მიმდინარე წლის 3 ივნისს შენიშნა. სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე, სავარაუდოდ, ახალ მაგნეტართან გვაქვს, რომელსაც მათ Swift J1555.2-5402 უწოდეს. ეს არის იშვიათი ობიექტი, რომელიც ვარსკვლავის კოლაფსირებულ ბირთვს წარმოადგენს და სამყაროში არსებულ ყველაზე მკვრივ ციურ სხეულად მიიჩნევა. მაგნეტარების მასა მზისას 2-ჯერ აღემატება. ამის მიუხედავად, ისინი საკმაოდ პატარა ზომისანი არიან და 20 კილომეტრი გარშემოწერილობის სფერული მატერიის სახე აქვთ.

მაგნეტარების რენტგენულ გამოსხივებას მათში მოქმედი მძლავრი გრავიტაციისა და მაგნიტური ველის ურთიერთქმედება იწვევს. ფოტო: NASA

ამ უჩვეულო ობიექტების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უმძლავრესი მაგნიტური ველია, რომელიც ჩვეულებრივი ნეიტრონული ვარსკვლავისას ათასჯერ, დედამიწისას კი კვადრილიონჯერ აღემატება. ის ძალას მაგნეტარების გარეთ მიმართავს, გრავიტაცია კი პირიქით, შიგნით, რაც მსგავს მნათობებს ფორმას უცვლის და დიდი რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლებას იწვევს. მეცნიერთა თქმით, ზემოხსენებულმა ხელსაწყომ სწორედ ასეთ დროს გამოყოფილი რენტგენული გამოსხივება დააფიქსირა, რომელიც მათ სხვადასხვა ტელესკოპით გადაამოწმეს და მისი ავთენტურობა დაადასტურეს.

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა დააფიქსირა

აღსანიშნავია, რომ აქამდე კოსმოსში მხოლოდ 24 მაგნეტარია აღმოჩენილი, დამატებით 6 პოტენციური კანდიდატის ნამდვილობა კი ჯერჯერობით გაურკვეველია. ეს მცირე რაოდენობა იმაზე მიანიშნებს, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში Swift J1555.2-5402-ზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას შევძლებთ, რაც მაგნეტარების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები