Thumbnail

ნახეთ: სმარტფონზე მიჯაჭვული ადამიანებისთვის "მესამე თვალი" შექმნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

თანამედროვე მსოფლიოში სმარტფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მასზე უამრავი ადამიანია მიჯაჭვული და მობილურ ტელეფონს ქუჩაში სიარულის ან გზაზე გადასვლის დროსაც კი იყენებს. ეს ხშირად უსიამოვნო ინციდენტებით, ზოგჯერ კი ფატალური შედეგითაც სრულდება, რისი თავიდან ასაცილებლადაც 28 წლის სამხრეთკორეელმა სამრეწველო დიზაინერმა სპეციალური "მესამე თვალი" შექმნა.

იაპონიაში ქუჩაში სიარულისას სმარტფონის გამოყენება აიკრძალა

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის იმპერიალ კოლეჯისა და ხელოვნების სამეფო კოლეჯის ასპირანტმა, პენგ მინ-ვოკმა "მესამე თვალად" წოდებული ინოვაციური მოწყობილობა "ფონო საპიენსის" სახელით ცნობილი პროექტის ფარგლებში შექმნა. სფერული ფორმის გამჭვირვალე აპარატი შუბლზე მაგრდება. მისი "ქუთუთო" მაშინ იხსნება, როდესაც სმარტფონის მომხმარებელი ეკრანზე დასახედად თავს დაბლა სწევს, 1-2 მეტრის მოშორებით დაბრკოლების დაფიქსირებისას კი ის ტელეფონში თავჩარგული ადამიანის გასაფრთხილებლად ხმოვან სიგნალს გამოსცემს.

 

თავის დახრილობის კუთხის გასაზომად მოწყობილობა გიროსკოპულ სენსორს იყენებს, რომლითაც კისრის მდგომარეობას აკვირდება. ხელოვნურ თვალსა და რაიმე სახის დაბრკოლებას შორის არსებული მანძილის შესახებ ინფორმაციას კი ულტრაბგერითი სენსორი მოიპოვებს. ორივე მათგანი ერთპლატიან მიკროკონტროლერს ანუ მიკროსქემის ერთ ჩიპზე დაშენებულ მცირე ზომის კომპიუტერს უერთდება, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ღია წყაროზე მუშაობს.

მშობლებისთვის უცნობია, რამდენ დროს ატარებენ მათი შვილები სმარტფონთან

პენგ მინ-ვოკი იმედოვნებს, რომ მის მიერ შექმნილი მოწყობილობა ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ქუჩაში სმარტფონის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების გააზრებაში დაეხმარება. მან ახალი ტექნოლოგია სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში უკვე გამოსცადა და იქ მაცხოვრებელთა ყურადღებაც დაიმსახურა. დიზაინერი მომავალში "მესამე თვალის" გაუმჯობესებას გეგმავს, თუმცა პროდუქტის კომერციულ წარმოებას არ აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები