Thumbnail

მეცნიერებმა ადამიანის დნმ კოღოსას დაამსგავსეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ქალაქ ამსტერდამში მდებარე ნიდერლანდების ონკოლოგიურ ინსტიტუტსა და აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯში მომუშავე მეცნიერებმა, სხვადასხვა ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, ადამიანის დნმ-ს სტრუქტურა შეუცვალეს და ის კოღოსას დაამსგავსეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ფლორიდაში გენმოდიფიცირებული კოღოები გაუშვეს

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა განსხვავებული სახეობების წარმომადგენელი ცოცხალი არსებების დნმ შეისწავლეს, მათ შორის ადამიანისა და კოღოსი, რის შედეგადაც მისი ორი მთავარი სტრუქტურა გამოავლინეს. სამგანზომილებიანი მოდელების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი თითოეული უჯრედის ბირთვში ქრომოსომები შედარებით მჭიდროდაა განლაგებული, აღნიშნული მწერების შემთხვევაში კი ეს მიკრომოლეკულები უფრო თავისუფლადაა თავმოყრილი. სპეციალისტებმა დაადგინეს ისიც, რომ ზოგიერთ ცხოველს ევოლუციისას შეუძლია, ჯერ დნმ-ის ერთი ფორმა ჰქონდეს, შემდეგ მეორე და ისევ პირიქით.

მეცნიერემა ადამიანის დნმ-ს სტრუქტურა შეუცვალეს და ის კოღოსას დაამსგავსეს.

სხვადასხვა სახეობის გენეტიკური მასალის გამოკვლევისას ნაშრომის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ თავისუფლად განლაგებული ქრომოსომები იმ ცხოველებში გვხვდება, რომელთა ორგანიზმშიც condensin II-ის სახელით ცნობილი ცილის წარმომქმნელი გენი შესუსტებულია. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დნმ-ის ორგვარი სტრუქტურის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს. მათი ჰიპოთეზა კომპიუტერულმა სიმულაციებმაც დაამტკიცა. ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ადამიანის უჯრედში ზემოხსენებული ორგანული ნაერთი გაანადგურეს, რის შედეგადაც ქრომოსომებმა ფორმა შეიცვალეს და კოღოს სხეულში არსებულ მიკრომელეკულებს დაემსგავსნენ.

მეცნიერებმა ადამიანის ქრომოსომების ზუსტი წონა დაადგინეს

მკვლევართა განცხადებით, უკანასკნელი მიგნება ცხოველთა ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. მომავალში ისინი აპირებენ გაარკვიონ, რა გავლენას ახდენს დნმ-ის სტრუქტურა გენის ექსპრესიაზე და აქვს თუ არა რომელიმე მათგანს რაიმე სახის უპირატესობა.

კომენტარები

ბოლო ამბები