Thumbnail

ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიაში მიიღებს მონაწილეობას

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის Blue Origin მიერ შექმნილი ხომალდით დედამიწის ატმოსფეროს მიღმა იმოგზაურებს. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. ბოლო ინფორმაციით, New Shepard-ის სახელით ცნობილი საფრენი აპარატი პირველ სუბორბიტულ ეკიპაჟიან მისიას მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელებს.

► Blue Origin-ის ხომალდზე ბილეთის ფასმა აუქციონზე 2,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია

"ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს იქ ჩემს ძმასთან ერთად გავფრინდები. ეს ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად უდიდესი თავგადასავალი იქნება", - დაწერა ინსტაგრამზე Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა.

Blue Origin-ის ხომალდი New Shepard ერთ-ერთი სატესტო გაშვების დროს. ფოტო: Bloomberg 

დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის გამყოფ ე.წ. კარმანის ხაზამდე, რომელიც ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, New Shepard საერთო ჯამში ექვს ადამიანს აიყვანს. Blue Origin-ის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, აუცქიონზე ხომალდის ბორტზე მოსახვედრი ერთი ბილეთი იყიდება, რომლის ფასმაც ცოტა ხნის წინ 2,8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ის, თუ ვინ იმოგზაურებს New Shepard-ით ჯეფ ბეზოსთან ერთად, 12 ივნისს გახდება ცნობილი. ონლაინ აუქციონი, რომელიც Blue Origin-ის მისიაში მონაწილე ეკიპაჟის მეექვსე წევრის ვინაობას გამოავლენს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ჯეფ ბეზოსის კომპანია New Shepard-ის შექმნაზე 2006 წლიდან მუშაობს. მას სახელი NASA-ს ასტრონავტის, ალან შეპარდის პატივსაცემად უწოდეს. ეს უკანასკნელი 1961 წელს პირველი ამერიკელი, ასევე, მსოფლიოში მეორე ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. New Shepard პირველად 2015 წელს გამოცადეს, რა დროსაც აპარატმა 93,5 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეძლო. ხომალდმა დასავლეთ ტექსასში განლაგებული კერძო კოსმოდრომიდან დღემდე საერთო ჯამში 15 სატესტო ფრენა შეასრულა, მათ შორის ბოლო მისია 2021 წლის 14 აპრილს განხორციელდა.

► ნახეთ: Blue Origin-მა კოსმოსში დინოზავრის ძვლები გაგზავნა

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსი მის მიერ დაარსებული კიდევ ერთი კომპანიის, Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, რომელსაც 1996 წლიდან იკავებს, 5 ივლისს ოფიციალურად დატოვებს. ამის სანაცვლოდ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ჩაიბარებს. ბეზოსის განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს მთელი დრო და ყურადღება Blue Origin-ის განვითარებას დაუთმოს. აეროკოსმოსური აპარატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2000 წელს დაარსდა ბოლო დროს ილონ მასკის SpaceX-ის, ასევე, Virgin Galactic-ის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

კომენტარები

ბოლო ამბები