Thumbnail

FDA-მ წონის დასაკლები პრეპარატი Wegovy დაამტკიცა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) დანიური ფარმაცევტული კომპანიის Novo Nordisk მიერ შექმნილი პრეპარატის, სახელწოდებით Wegovy წონის დასაკლებად გამოყენების ნებართვა გასცა. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA-მ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის ამგვარ მეთოდს დაუჭირა მხარი.

► მეცნიერებმა მკერდის კიბოს განკურნების ახალ მეთოდს მიაკვლიეს

აღსანიშნავია, რომ იგივე პრეპარატი განსხვავებული სახელწოდებით Semaglutide, რომელიც Novo Nordisk-ში მომუშავე სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს, უკვე რამდენიმე წელია აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. მიმდინარე წლის დასაწყისში კი დანიურმა კომპანიამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ მედიკამენტის შედარებით გაზრდილი დოზით ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაც არის შესაძლებელი, ვინაიდან მისი მიღება მადის შემცირებას იწვევს.

წონის დასაკლები პრეპარატი Wegovy. ფოტო: Novo Nordisk

ამის დასადასტურებლად მკვლევრებმა ცდა 68 კვირის განმავლობაში 4,500 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც ჭარბ წონას უჩიოდნენ. მათ შორის, კვლევაში მონაწილე 2 ათასამდე ცდისპირს აღნიშნული დროის პერიოდში ორგანიზმში ერთი კვირის ინტერველით პრეპარატი Wegovy შეუყვანეს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის, გლუკაგონის მსგავს ჰორმონს GLP-1 შეიცავს, დანარჩენებს კი პლაცებო.

შედეგად დადგინდა, რომ Novo Nordisk-ის მედიკამენტის ხანგრძლივად მიღების დახმარებით ცდისპირებმა წონაში საშუალოდ დაახლოებით 15 პროცენტით დაიკლეს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეთა თითქმის მესამედში ამ მაჩვენებელმა 20 პროცენტსაც კი გადააჭარბა. რაც შეეხება ცდისპირებს, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, მათ წონაში საშუალოდ მხოლოდ 2,4 პროცენტით დაიკლეს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Wegovy-ს ინიექციამ ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ღებინება, დიარეა, ყაზბობა და მუცლის ტკივილი გამოიწვია.

► გერმანიაში ტვინის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოცადეს  

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, Wegovy-ს გამოყენებას მხოლოდ ის ზრდასრული პირები შეძლებენ, რომლებსაც წონის ქრონიკული დარღვევა და ჭარბწონიანობის გამო მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ტიპი 2 ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აწუხებთ. Novo Nordisk-ს პრეპარატის ღირებულება ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მედიკამენტის ერთი თვის სამყოფი დოზის ფასი დაახლოებით 1,300 აშშ დოლარი იქნება.      

კომენტარები

ბოლო ამბები