Thumbnail

ახალ ალგორითმს შეუძლია გამოიცნოს, ვინ მოგვწონს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დანიაში მდებარე კოპენჰაგენის უნივერსიტეტსა და ფინეთში განლაგებულ ჰელსინკის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ახალი ინტერფეისი შექმნეს. მას სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეუძლია გამოიცნოს, ვინ მოგვწონს ან ვინ არ შეესაბამება ჩვენს გემოვნებას. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკვლევრებმა ახლახან გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე WWW 2021 წარადგინეს.

ახალი ტექნოლოგია ადამიანის წარმოსახვით ხელნაწერს ციფრულ ტექსტად აქცევს

თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ვებგვერდები და ონლაინ პლატფორმები აქტიურად იყენებენ ალგორითმებს, რომლებიც მომხმარებელთა გემოვნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებას უზრუნველყოფენ. ეს მათთვის ინდივიდუალურად შერჩეული პროდუქტის შეთავაზებას ხდის შესაძლებელს, როგორიცაა მუსიკალური ნაწარმოები, მხატვრული ფილმი თუ სხვა. აღნიშნული სისტემა ჩვენ მიერ ნანახ ან მოძებნილ კონტენტს ეყრდნობა და მას სხვების მონაცემებს ადარებს, რასაც კოლაბორაციული ფილტრაცია ეწოდება. ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა სწორედ მსგავს მეთოდს მიმართეს.

ახალი ინტერფეისი ტვინში წარმოქმნილი იმპულსებით ხვდება, ვინ მოგვწონს.

იდეის ავტორებმა ინფორმატიკა და კოგნიტური ნეირომეცნიერება გააერთიანეს. მათ კოლაბორაციული ფილტრაცია ტვინის აქტივობაზე დააფუძნეს. ინოვაციური ინტერფეისის გამოსაცდელად მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელში მონაწილე ადამიანებსაც თავზე ელექტროდები დაუმაგრეს და სთხოვეს, ეკრანზე გამოსახულ სახეებს დაკვირვებოდნენ. კომპიუტერი ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს იღებდა და მოწონების ან არმოწონების შემთხვევაში დაფიქსირებულ სიგნალებს ერთმანეთისგან ასხვავებდა. ამ მონაცემების მეშვეობით ალგორითმმა შეძლო განესაზღვრა, როგორი გარეგნობის ქალს ან კაცს ანიჭებდა უპირატესობას ესა თუ ის ცდისპირი და მისთვის შესაბამისი ვიზუალის მქონე ადამიანი ეჩვენებინა.

ხელოვნური ინტელექტი თქვენს ფიქრებს სურათებად აქცევს

მეცნიერთა განცხადებით, მათი მიგნება ინტერნეტ სერვისების მიერ მომხმარებლებისთვის უფრო ზუსტი რეკომენდაციების მიცემას გააადვილებს, რაც კომპანიებს მათი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებაში დაეხმარება. სპეციალისტთა აზრით, ტვინის აქტივობა ადამიანის გემოვნების შესახებ უტყუარ ინფორმაციას იძლევა, რასაც ვერ ვიტყვით ონლაინ სივრცეში განხორციელებულ ქმედებებზე. ამის მიუხედავად, ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ამისთვის მსგავსი მოწყობილობების გაიაფება და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფაა აუცილებელი, რასაც დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები