Thumbnail

ატმოსფეროში სატელეტების წვამ, შესაძლოა, ოზონის შრე გაანადგუროს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კანადის ქალაქ ვანკუვერში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, დიდი რაოდენობით ექსპლუატაციიდან გამოსული სატელიტების ატმოსფეროში დაწვის შედეგად გამოყოფილმა ქიმიურმა ნარჩენებმა, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის ოზონის შრის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. სპეციალისტებმა კვლევისას, რომლის შესახებაც ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა, ძირითადი ყურადღება ილონ მასკის კომპანიის SpaceX მიერ ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედისგან Starlink მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილეს.

► ჰაერის დაბინძურება სტრატოსფეროს შევიწროვებას იწვევს

აღსანიშნავია, რომ დედამიწის ატმოსფეროში ყოველწლიურად გაცილებით მეტი მეტეორი იწვის, ვიდრე ხელოვნური თანამგზავრი. მეცნიერთა გამოთვლებით, ჩვენი პლანეტის გარშემო არსებულ აირების შემცველ გარსში დღეში დაახლოებით 54 ტონა მეტეორული მატერია იჭრება. მათი ვარაუდით, როდესაც Starlink-ის თანავარსკვლავედის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდება, რაც დედამიწის გარშემო 12 ათასი თანამგზავრის განლაგებას ითვალისწინებს, ატმოსფეროში ყოველდღიურად ექსპლუატაციიდან გამოსული სატელიტების დაახლოებით 2,2 ტონა ნარჩენი შემოაღწევს, რაც ზემოხსენებულ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება. სპეციალისტების განმარტებით, მთავარ პრობლემას ალუმინი წარმოადგენს, რომლისგანაც თანამგზავრები მზადდება. შედარებისთვის, ეს ლითონი მეტეორის შემადგენლობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი, ძირითადად, ჟანგბადს, მაგნიუმსა და კრემნიუმს შეიცავს.

ექსპლუატაციიდან გამოსული სატელიტების ატმოსფეროში დაწვის შედეგად გამოყოფილმა ქიმიურმა ნარჩენმა, ალუმინის ოქსიდმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ოზონის შრე გაანადგუროს.

ალუმინის წვის შედეგად ალუმინის ოქსიდი წარმოიქმნება, რაც მეცნიერთა ვარაუდით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატმოსფეროს ზედა ფენების ქიმიური შემადგენლობის შეცვლას გამოიწვევს. მათთვის ჯერჯერობით უცნობია, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი პლანეტა მსგავს შემთხვევაში. მეორე მხრივ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში ალუმინის ოქსიდის შემცველობის ზრდამ, შესაძლოა, გლობალური დათბობის ტემპი შეანელოს, ვინაიდან ეს ქიმიური ნაერთი მზის სხივების მეტად არეკვლას შეუწყობს ხელს.

ამის მიუხედავად, დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 10-60 კილომეტრის სიმაღლეზე არსებულ ოზონის შრის განადგურებას კაცობრიობისთვის გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენს პლანეტაზე არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო დროს ადამიანების კიბოთი დაავადების რისკის ზრდა სწორედ ოზონის შრის გამოფიტვამ გამოიწვია. სპეციალისტების განცხადებით, მართალია, სატელიტების ნარჩენები უმეტესად დედამიწის ზედაპირიდან 50-90 კილომეტრის სიმაღლეზე იწვება, თუმცა ამის შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ატმოსფეროს შედარებით დაბლა არსებულ ფენებში, მათ შორის, სტრატოსფეროში ილექება, სადაც ოზონის შრე მდებარეობს.

► არქტიკის ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი დაიხურა

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ დედამიწის ატმოსფეროზე შესაძლო უარყოფითი გავლენის გამო SpaceX-ის პროექტი Starlink ამერიკულმა საკომუნიკაცია კომპანია Viasat-მაც გააკრიტიკა. მან აშშ-ის ფედერალურ საკომუნიკაციო კომისიას (FCC) მოსალოდნელი საფრთხეების სწორად შეფასებისკენ მოუწოდა და მოითხოვა, რომ საკითხის საფუძვლიანად შესწავლამდე ილონ მასკის კომპანიას დედამიწის ორბიტაზე სატელიტების გაშვების ნება აღარ დართონ. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ჩვენი პლანეტის გარშემო უკვე SpaceX-ის 1,700-ზე მეტი ხელოვნური თანამგზავრი მოძრაობს.      

კომენტარები

ბოლო ამბები