Thumbnail

ნახეთ: ქვის ხანაში მცხოვრები ადამიანები საათობით ცეკვავდნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფინეთში მდებარე ჰელსინკის უნივერსიტეტსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვის ხანაში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე საათის განმავლობაში ცეკვავდნენ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Cambridge Archaeological Journal ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ადამიანები 2 მილიონი წლის განმავლობაში უმაღლესი მტაცებლები იყვნენ

მეცნიერთა განცხადებით, ამის თქმის საშუალებას კარის ზღვაში განლაგებულ კუნძულ ოლენის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ 8 ათასი წლის წინანდელ სამარხებში აღმოჩენილი ყელსაბამები და ტანისამოსი იძლევა. არქეოლოგებმა იქ ქალების, კაცებისა და ბავშვების 177 საფლავს მიაკვლიეს, რომელთა უმეტესობაშიც ირმის კბილებით გაფორმებული ქსოვილი ან სამკაული იყო მოთავსებული. სპეციალისტთა აზრით, მეზოლითის პერიოდში მცხოვრები ადამიანების მოძრაობისას მათ ჩასაცმელზე გვერდიგვერდ დამაგრებული ასობით კბილი ერთმანეთს ეხლებოდა და სპეციფიკურ ხმას გამოსცემდა, რაც ჩვენს წინაპრებს ცეკვის დროს ტრანსის მდგომარეობაში გადასვლაში ეხმარებოდა.

 

ამაში დასარწმუნებლად მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ირმის კბილებიან ტანსაცმელში გამოწყობილებმა გადაბმულად 6 საათის განმავლობაში იცეკვეს. შემდეგ კი დააკვირდნენ, რა კვალი დატოვა ხანგრძლივმა ხახუნმა და შეჯახებამ თითოეულ მათგანზე. კბილებზე დამჩნეული დაზიანებები მათ რუსეთის დასავლეთით აღმოჩენილ არტეფაქტებს შეადარეს და მსგავსებაც შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ უძველესი ნიმუშების ზედაპირი უფრო მეტად უსწორმასწორო იყო, რაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ქვის ხანის ადამიანები უფრო დიდხანს იყენებდნენ.

უძველესი ადამიანები, სავარაუდოდ, ზამთრის ძილს ეძლეოდნენ

აქედან გამომდინარე, ნაშრომის ავტორებმა დაასკვნეს, რომ მათი ჰიპოთეზა მართებულია. მეცნიერთა განცხადებით, უკანასკნელი მიგნება ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები