Thumbnail

გერმანიაში ქმნიან დრონს, რომელიც ადამიანებს ყვირილით მიაგნებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის ვახტბერგის მუნიციპალიტეტში მდებარე ფრაუნჰოფერის სახელობის კომუნიკაციების, ინფორმაციის გადამუშავებისა და ერგონომიკის ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტები ისეთი დრონის შექმნას ცდილობენ, რომელიც ადამიანებს ყვირილით მიაგნებს. მათი განცხადებით, ახალი უპილოტო საფრენი აპარატის დანიშნულება ბუნებრივ თუ ხელოვნურ კატასტროფას გადარჩენილ პირთა ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა იქნება. ამის შესახებ მეცნიერებმა ამერიკის აკუსტიკური საზოგადოების რიგით 180-ე შეხვედრაზე ისაუბრეს.

სინგაპურში ზებგერითი საბრძოლო დრონი შექმნეს

დღესდღეობით დრონებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ, მათ შორის, ტვირთის გადასატანად, მიუვალი ადგილების შესასწავლად და სხვა. გერმანელმა სპეციალისტებმა მას ახალი დანიშნულება მოუძებნეს და სურთ, მსგავსი მოწყობილობების საშუალებით ხიფათში მოხვედრილი ადამიანები გადაარჩინონ. ისინი აღნიშნავენ, რომ პოტენციური მსხვერპლებისთვის, რომლებიც, მაგალითად, ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებიან ან შენობის ნანგრევებში არიან მოყოლილი, დროს გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს. სამაშველო ჯგუფებს კი ხშირად მათ მისაგნებად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ, რაც ხანგრძლივი პროცესია. მეცნიერთა თქმით, ინოვაციური ტექნოლოგია სწორედ ამგვარ სიტუაციებში დაგვეხმარება. დრონების მეშვეობით ფართო არეალის დათვალიერება და იმ ადამიანების სწრაფად აღმოჩენა გახდება შესაძლებელი, რომლებიც შველას ითხოვენ.

ახალი უპილოტო საფრენი აპარატის დანიშნულება ბუნებრივ თუ ხელოვნურ კატასტროფას გადარჩენილი ადამიანების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა იქნება.

იდეის ავტორები ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატისთვის განკუთვნილ მიკროფონების სისტემაზე მუშაობენ, რომელიც მცირე ზომის რამდენიმე ასეთ მოწყობილობას აერთიანებს და Crow's Nest Array-ის სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი ჯერ ტესტირების ეტაპზეა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა წყვეტილი ხმების გაგება და იმ ადგილის მოძებნა შეძლეს, საიდანაც ის ისმოდა. ზემოხსენებული სისტემა სიგნალების გადამუშავების ტექნიკასთანაა შეჯერებული, როგორიცაა სივრცული ფილტრაცია. მისი საშუალებით დრონი ფონურ ხმაურს ახშობს და ყვირილის მსგავს ბგერებზე კონცენტრირდება.

ნახეთ: ისლანდიაში ლავით სავსე ვულკანის კრატერში დრონი ჩავარდა

მკვლევართა განცხადებით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია დრონზე დამონტაჟებული მიკროფონების რაოდენობა და მათი სწორი გადანაწილება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ხელის შემშლელი სხვადასხვა ფაქტორიც. მომავალში ისინი Crow's Nest Array-ის ფრენისას გამოცდიან და საუკეთესო მეთოდის შერჩევას ეცდებიან, რომლითაც ხმოვანი სიგნალის გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები