Thumbnail

ნახეთ: ისრაელსა და ჩინეთში უზარმაზარი ღრმულები გაჩნდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მაშ შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მექსიკაში 90 მეტრზე მეტი დიამეტრის მქონე, 18 მეტრი სიღრმის ორმო გაჩნდა, მსგავსი ღრმულები ისრაელისა და ჩინეთის ტერიტორიაზეც წარმოიქმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ინგრევა ასფალტი ქალაქ იერუსალიმში, რის შემდეგაც მიწის ქვეშ სამი ავტომობილი ვარდება.

► ნახეთ: მექსიკაში უზარმაზარი ღრმული გაჩნდა

ღრმული იერუსალიმში მდებარე შაარე ცედეკის საავადმყოფოს ავტოსადგომზე წარმოიქმნა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობდნენ, რომელთა განცხადებითაც, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს საერთო ჯამში შვიდი ავტომობილი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწის ჩაქცევას საავადმყოფოს მიმდებარე ავტომაგისტრალზე გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ, რომელიც აღნიშნული დაწესებულების ქვეშ უნდა გაეყვანათ.

 

ორი დღით ადრე ღრმული ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ძანსის პროვინციაში, საავტომობილო გზების გადაკვეთაზეც გაჩნდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია, როგორ ვარდება ახლად წარმოქმნილ ორმოში მანქანა, რომელშიც ამ დროს მძღოლი იმყოფებოდა. ის ღრმულიდან შემთხვევის ადგილზე მისულმა ადამიანებმა ამოიყვანეს და ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღმოაჩნდა და ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვარაუდით, გზაზე ასფალტის ჩანგრევა ძანსის პროვინციაში ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

► ნახეთ: მექსიკაში უზარმაზარი ღრმული გაჩნდა

რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევებამდე მექსიკის პუებლას შტატში მდებარე ქალაქ სანტა მარია ზაკატეპეკში წარმოქმნილ ღრმულს, ის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე დაახლოებით 6,500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ჩავარდნის შედეგად გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესებს უკავშირებენ. გარემოს დამცველების ვარაუდით კი ღრმულის გაჩენა, შესაძლოა, მოცემულ რეგიონში ნიადაგის წყალშემცველი ფენების ჭარბ მოხმარებას გამოეწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები