Thumbnail

მეცნიერთა თქმით, ადამიანებს რეგენერაციის ფარული უნარი აქვთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრალიაში მდებარე მონაშის უნივერსიტეტსა და ავსტრიაში განლაგებულ მოლეკულურ პათოლოგიათა კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ადამიანებს რეგენერაციის ფარული უნარი აქვთ, რომლის მეშვეობითაც კუდიანი ამფიბიების მსგავსად, სხეულის სხვადასხვა ნაწილის აღდგენა შეუძლიათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Developmental Dynamics გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერებმა კბილების ხელახალი გაზრდის მეთოდს მიაგნეს

კუდიანი ამფიბიების რიგის ცხოველთა თითქმის ყველა სახეობა რეგენერაციის უნარითაა დაჯილდოვებული, თუმცა ამ მხრივ მათ შორის ყველაზე მეტად აქსოლოტლები, იგივე მექსიკური მოსიარულე თევზები გამოირჩევიან. ისინი ორგანიზმის უდიდეს ნაწილს აღიდგენენ, იქნება ეს ტვინი, ფილტვები, ყბები, გული, კიდურები, კანი, თვალები თუ სხვა. აღსანიშნავია, რომ ეს არსებები გარეგან დაზიანებაზე განსხვავებულად რეაგირებენ. ამ დროს მათი სხეულის ზედაპირზე ნაიარევი არ წარმოიქმნება, რასაც ვერ ვიტყვით ძუძუმწოვრებზე. ამის მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს აქსოლოტლები და თაგვები შეადარეს.

აქსოლოტლი, იგივე მექსიკური მოსიარულე თევზი.

აღმოჩნდა, რომ აქსოლოტლებში დაზიანებული ქსოვილის აღდგენას იმუნური უჯრედები, მაკროფაგები უწყობენ ხელს, რომლებიც თაგვების შემთხვევაში, პირიქით, ჭრილობის ფორმირებას იწვევენ. ნაშრომის ავტორთა აზრით, ამაში უდიდესი როლი კონკრეტულ რეცეპტორულ ცილებს ეკისრება. ისინი მაკროფაგებს ვირუსის, ინფექციისა თუ სხვა სახის საფრთხის ამოცნობაში ეხმარებიან. თუმცა, მსგავსი მოლეკულური სიგნალები კუდიან ამფიბიებსა და ძუძუმწოვრებში განსხვავებულ შედეგებს განაპირობებს - დაზიანებისას პირველი რეგენერირებს, მეორეს კი ნაიარევი აჩნდება.

გენური ინჟინერიის მეშვეობით ქრონიკული ტკივილის მკურნალობაა შესაძლებელი

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ადამიანებში რეგენერაციის უნარის გამოვლენას სწორედ ჭრილობები უშლის ხელს. თუ სხეულზე მათ გაჩენას შევაფერხებთ და ტვინში აქსოლოტლების მსგავს სიგნალებს წარმოვქმნით, არაა გამორიცხული, რომ ერთ დღეს ორგანოების ხელახლა გაზრდა ჩვენც შევძლოთ. მკვლევართა თქმით, ემბრიონები გულის, მცირეწლოვანი ბავშვები კი თითის წვერების შემადგენელ ქსოვილებს აღიდგენენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ამისთვის საჭირო გენეტიკურ კოდს ზრდასრული ადამიანებიც ატარებდნენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნების წყალობით მომავალში ადამიანებში ორგანოების რეგენერაციას მედიკამენტით ან სხვა საშუალებით გამოვიწვევთ, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. მანამდე კი, შეგვიძლია, ნაიარევების აღმოფხვრაზე ვკონცენტრირდეთ და მათთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა გავამარტივოთ, რაც მრავალი პაციენტის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

კომენტარები

ბოლო ამბები