Thumbnail

ნახეთ: კოსმოსური ხომალდი "ჯუნო" იუპიტერის უდიდეს მთვარეს მიუახლოვდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი ხომალდი "ჯუნო" იუპიტერისა და ჩვენი მზის სისტემის უდიდეს მთვარეს, განიმედეს დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა და მას სურათები გადაუღო. აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NASA-ს კოსმოსური აპარატი ამ ციურ სხეულთან ასე ახლოს მივიდა.

იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანები არსებობდეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჯუნო" განიმედეს, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით, სილიკატის მინერალებისა და წყლის ყინულისგან შედგება, 7 ივნისს, თბილისის დროით 20:56 საათზე მიუახლოვდა. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, აპარატმა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრისთვის საერთო ჯამში ხუთი ფოტოს გადაღება შეძლო, თუმცა აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ჯერჯერობით მის მიერ დაფიქსირებული მხოლოდ ორი სურათი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მსგავს დისტანციაზე განიმედეს 2000 წელს NASA-ს ხომალდი Galileo მიუახლოვდა, მანამდე კი 1979 წელს ამ ციურ სხეულთან ახლოს კოსმოსური ზონდი Voyager მივიდა.

"ჯუნოს" მიერ განიმედესთვის გადაღებული ფოტოსურათები

ფოტო: NASA

"ჯუნოს" მიერ განიმედესთვის გადაღებული ფოტოსურათები

ფოტო: NASA

სპეციალისტების თქმით, განიმედესთან ასეთ დისტანციაზე მიახლოება მომავალი მისიებისთვით ამ ციური სხეულის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ჩვენი მზის სისტემის უდიდესი მთვარის შესასწავლად, რომელიც ზომით პლანეტა მერკურისაც კი აღემატება, ხომალდის JUICE გაშვებას 2022 წლისთვის გეგმავს. ამის გარდა, 2024 წელს NASA იუპიტერის თანამგზავრების გამოსაკვლევად კოსმოსურ ზონდს Europa Clipper გაგზავნის.

ნახეთ: იუპიტერის მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც პლაზმის წვიმა მოდის

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ "ჯუნო" იუპიტერისკენ რაკეტით Atlas V 551 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვა. კოსმოსურმა აპარატმა ციური სხეულის ორბიტას 2016 წელს მიაღწია. ზონდის მთავარი ამოცანა იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრებზე დაკვირვება და მათთვის ფოტოსურათების გადაღებაა. როგორც ცნობილია, ის აღნიშნულ მისიას 2025 წლამდე შეასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები