Thumbnail

ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე მე-7 ფრენა წარმატებით შეასრულა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ციურ სხეულზე მეშვიდე ფრენა წარმატებით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ წინა მისიის დროს მის სანავიგაციო სისტემას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თუმცა, ამის მიუხედავად, აპარატმა მარსის ზედაპირზე დაშვება უსაფრთხოდ შეძლო.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენს მარსზე ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილი ვერტმფრენი წითელი პლანეტის ატმოსფეროში ციურ სხეულზე მდებარე ჯეზეროს კრატერიდან აიჭრა. 1,8 კილოგრამი წონის მქონე აპარატმა ჰაერში დაახლოებით 63 წამი გაატარა, რა დროსაც მან სამხრეთით, 106 მეტრი მანძილი გაიარა და იმ ადგილზე დაეშვა, საიდანაც წინა მისიის დროს აფრინდა. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მეექვსე მისიისგან განსხვავებით, აღნიშნული ფრენის განმავლობაში Ingenuity-ის პრობლემა არ შექმნია და ვერტმფრენმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა.

Ingenuity-ის მიერ მეშვიდე ფრენის დროს გადაღებული სურათი, რომელზეც მარსის ზედაპირზე ვერტმფრენის ჩრდილია ასახული. ფოტო: NASA

NASA-ს ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონი აშშ დოლარია, მარსზე პირველი ფრენა 19 აპრილს შეასრულა. ამ დროს Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს განხორციელებული მეოთხე მისიისას აპარატმა წამში 2 მეტრის დაფარვა შეძლო და სიჩქარის პირველი რეკორდი დაამყარა. 30 აპრილს შესრულებული მეოთხე ფრენისას მან ეს მონაცემი გააუმჯობესა და ჰაერში 3,6 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება მეხუთე მისიას, რომელიც 7 მაისს შედგა, ამ დროს ვერტმფრენმა რეკორდულ, 10 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Ingenuity-ის მარსზე 31 დღის განმავლობაში საერთო ჯამში ხუთ ფრენა უნდა შეესრულებინა, თუმცა, ვინაიდან მან გამოცდა წარმატებით გაიარა, NASA-ში მისიების დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. სპეციალისტების განცხადებით, მომავალში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენის მიერ მარსზე შესრულებული ფრენა 3D-ში

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები