Thumbnail

ატმოსფეროში CO2-ის დონემ ბოლო 4 მილიონ წელში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ ბოლო 4 მილიონ წელიწადში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებულ სკრიფსის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად ახლახან გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშში იუწყებიან.

საუკუნის ბოლოსთვის ზაფხული, შესაძლოა, 6 თვე გაგრძელდეს

მეცნიერთა გამოთვლები აშშ-ის ჰავაის შტატში განლაგებული მაუნა ლოას ობსერვატორიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება. მათი განცხადებით, ატმოსფეროში CO2-ის რეკორდული კონცენტრაცია მიმდინარე წლის მაისის თვეში დაფიქსირდა, როცა ჰაერის შემადგენელი ყოველი მილიონი მოლეკულიდან 419.13 ერთეული სწორედ ნახშირორჟანგს ეკუთვნოდა. მსგავსი მაჩვენებელი დაადასტურა დამოუკიდებელმა კვლევებმაც, თუმცა მცირედი სხვაობით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიშნული უკანასკნელი 63 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებში ყველაზე მაღალია. ბოლოს CO2-ის ამგვარი დონე მარტში აღინიშნა, როცა მან 417.14 ერთეულს მიაღწია.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 1958 წლიდან 2021 წლის 7 ივნისის ჩათვლით. ფოტო: Scripps Institution of Oceanography

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ასეთი შემცველობა ბოლოს პლიოცენის ეპოქაში, 4.1-4.5 მილიონი წლის წინ იყო, როცა ჩვენი პლანეტა დღევანდელისგან ბევრად განსხვავდებოდა. მაშინ აქ უფრო მეტად ცხელოდა, რის გამოც პოლარულ რეგიონებში ტყეებს დიდი ტერიტორია ეკავა, თხევადი წყალი კი, რომელიც შემდეგ გაიყინა, ოკეანეებში ჩაედინებოდა. შედეგად, ზღვის დონე ამჟამინდელზე 20 მეტრით მაღალი იყო. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ უახლოეს მომავალში არაფერს შევცვლით, რამდენიმე ასწლეულში იგივე განმეორდება.

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება

მკვლევართა თქმით, ადამიანის სამრეწველო საქმიანობის პროცესში, კერძოდ კი წიაღისეული საწვავის მოხმარებისას, ყოველწლიურად 40 მილიონი მეტრული ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რომელიც ატმოსფეროში არსებულ სხვა მავნე ნივთიერებებს რაოდენობით მნიშვნელოვნად აღემატება. ეს პლანეტის უფრო მეტად გათბობას იწვევს, რასაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. მათი განცხადებით, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, სათბურის აირების ემისია შევამციროთ და 0-მდე დავიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დედამიწის ეკოსისტემას განადგურება ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები