Thumbnail

NASA-მ დედამიწის მსგავსი ტემპერატურის მქონე ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიასა (JPL) და ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი ატმოსფერული ტემპერატურის მქონე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა დააფიქსირა

მეცნიერებმა TOI-1231 b-ის სახელით ცნობილი ეგზოპლანეტა NASA-ს კოსმოსური ზონდის TESS მეშვეობით დააფიქსირეს, მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი ჩილეში მდებარე ლას კამპანასის ობსერვატორიაში განლაგებულ ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროგრაფის მეშვეობით მოიპოვეს. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული ციური სხეულისგან 90 სინათლის წელი გვაშორებს. ის ზომით ნეპტუნს მცირედით ჩამოუვარდება და დედამიწაზე ბევრად მასიურია. ახალაღმოჩენილი ობიექტი წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო ორბიტულ მოძრაობას 24 დღეს ანდომებს და მასთან 8-ჯერ უფრო ახლოს გადაადგილდება, ვიდრე ჩვენ მზესთან.

ილუსტრაციაზე TOI-1231 b არის ნაჩვენები. ფოტო:  NASA

მნათობისა და TOI-1231 b-ის მახასიათებლებზე დაკვირვებამ სპეციალისტებს ამ უკანასკნელის სიმკვრივის გამოთვლის საშუალება მისცა, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ ის არა მყარი, არამედ აირისგან შედგენილი ციური სხეულია. ატმოსფეროს ტემპერატურა იქ დაახლოებით 57°C-ია, რაც TOI-1231 b-ის ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე გრილ ეგზოპლანეტად აქცევს. გამორიცხული არაა, რომ მასზე წყლის შემცველი ღრუბლები არსებობდეს. მკვლევართა ჰიპოთეზით, პლანეტის ატმოსფეროში ჭარბად გვხვდება წყალბადი ან წყალბად-ჰელიუმი, რომელთა ატომების დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ზემოხსენებული ციური სხეული გამონაკლისი იქნება.

ნახეთ: ასტრონომებმა გიგანტურ ეგზოპლანეტას სურათი გადაუღეს

მეცნიერთა განცხადებით, აქამდე აღმოჩენილი ციური სხეულების უმეტესობა ჩვენი მეზობელი პლანეტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რის გამოც შედარებითი ანალიზით მათზე ინფორმაციის მოპოვება რთულია. TOI-1231 b-ის შემთხვევაში კი დედამიწასთან მსგავსება მის უკეთ შესწავლას და ამგვარი ობიექტების ფორმირების შესახებ მეტის გაგებას ხდის შესაძლებელს.

კომენტარები

ბოლო ამბები