Thumbnail

2021 წელს საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დაასახელეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კვლევითმა კომპანიამ Economist Intelligence Unit (EIU) მიმდინარე წელს საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა ყურადღება მათ სტაბილურობაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაზე გაამახვილეს, თუმცა განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება აღმოჩნდა.

► პანდემიის დროს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები გამოავლინეს

სპეციალისტებმა კვლევის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 140 ქალაქში არსებული ვითარება შეისწავლეს. მათ შორის საუკეთესოდ ახალი ზელანდიაში მდებარე ოკლენდი დასახელდა. ექსპერტების შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შედარებით მსუბუქი შეზღუდვების ფონზე, იქ პანდემიას სხვებზე უკეთ უმკლავდებიან. აღსანიშნავია, რომ ამავე სახელმწიფოს დედაქალაქს, ველინგტონს რეიტინგში მეოთხე პოზიცია უჭირავს. ჩამონათვალში მეორე ადგილზე იაპონიაში მდებარე ქალაქი ოსაკაა, მესამეზე კი ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში გაშენებული ადელაიდა.

რეიტინგის პირველ ათეულში ადელაიდასთან ერთად ავსტრალიაში მდებარე კიდევ სამი ქალაქი - პერთი, მელბურნი და ბრისბენი მოხვდნენ. მათ შორის არიან, ასევე, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო და შვეიცარიის უდიდესი ქალაქები - ციურიხი და ჟენევა. აღსანიშნავია, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესოდ ავსტრიის დედაქალაქი ვენა სახელდებოდა, რომელიც ამჯერად ჩამონათვალში მხოლოდ მე-12 პოზიციას სჯერდება.

ახალი ზელანდიის ქალაქი ოკლენდი. 

Economist Intelligence Unit-ის სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბოლო ადგილზე სირიის დედაქალაქი დამასკოა. ექსპერტების განმარტებით, მან აღნიშნული პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დაიკავა. ბოლოსწინა პოზიციაზე ნიგერიის უდიდესი ქალაქი ლაგოსი იმყოფება, ბოლოდან მესამე კი პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქი პორტ მორსბია. რეიტინგის უკანასკნელ ათეულში მოხვდნენ ბანგლადეშის, ალჟირისა და ლიბიის დედაქალაქები - დაკა, ალჟირი და ტრიპოლი, პაკისტანისა და კამერუნის საპორტო ქალაქები - კარაჩი და დუალა, ასევე, ზიმბაბვესა და ვენესუელის დედაქალაქები - ჰარარე და კარაკასი.

► ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს

2021 წლის რეიტინგში ძირითადად ევროპული სახელმწიფოების ქალაქები დაქვეითდნენ. სპეციალისტები ამის უმთავრეს მიზეზად, აღნიშნულ კონტინენტზე მდებარე ქვეყნებში დაგვიანებულ ან შეწყვეტილ და გაჭიანურებულ ვაქცინაციას ასახელებენ. ჩამონათვალში ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ქალაქმა, ჰამბურგმა განიცადა. გასულ წელს ის რეიტინგში 34-ე ადგილზე იყო, ამჯერად კი მხოლოდ 47-ე პოზიციას იკავებს.      

კომენტარები

ბოლო ამბები