Thumbnail

აშშ-ის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მეხუთე ოკეანის არსებობა აღიარა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ანტარქტიდის გარშემო არსებული წყლის აუზი ცალკე ოკეანედ აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 8 ივნისს, მსოფლიო ოკეანეების დღეს გაავრცელა.

ურანის მთვარეებზე, შესაძლოა, მიწისქვეშა ოკეანეები არსებობდეს

დედამიწის მეხუთე ოკეანე სამხრეთის ოკეანის სახელითაა ცნობილი. ის ინდოეთის, ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს სიდიდით ჩამოუვარდება, ჩრდილოეთ ყინულოვანს კი პირიქით, აღემატება. ასევე, მათგან განსხვავებით, კონტინენტებით კი არაა შემოსაზღვრული, არამედ თავად აკრავს გარს ხმელეთს. აშშ-ის ნაციონალურ გეოგრაფიულ საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ის ანტარქტიდის გარშემო მოძრავი, სიცივით გამორჩეული სწრაფი დინებების გამო სრულიად დამოუკიდებელ მახასიათებლებს იძენს, რაც სამხრეთის ოკეანის ნაკლებად მარილიან წყლებს სხვებისგან მიჯნავს. ამის მიუხედავად, მეცნიერთა ნაწილი მის არსებობას დღემდე არ აღიარებს, რის გამოც ამ საკითხზე მუდმივი დავა და კამათია გაჩაღებული.

ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების ახალ რუკაზე სამხრეთის ოკეანე ცალკეა გამოყოფილი. ფოტო: National Geographic

აშშ-ის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება მსოფლიო რუკებს 1915 წლიდან ადგენს. იქ მომუშავე კარტოგრაფები სამხრეთის ოკეანის ცალკე გამოყოფის შესახებ არაერთი წლის განმავლობაში მსჯელობდნენ, ახლა კი ეს ნაბიჯი საბოლოოდ გადადგეს. ამით მათ ოკეანის უნიკალური ეკოსისტემის დაცვა სურთ, რომელიც წყალმცენარეებითა და ისეთი ცხოველებითაა მდიდარი, როგორიცაა პინგვინები, სელაპები, ვეშაპები, ალბატროსები და სხვა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის ოკეანე ყველაზე ახალგაზრდა ოკეანეა, რომელიც 34 მილიონი წლის წინ, ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების დაშორებისას წარმოიქმნა.

ეგზოპლანეტებს, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი ოკეანეები და კონტინენტები ჰქონდეთ

მეცნიერთა განცხადებით, სამხრეთის ოკეანე დედამიწის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს. ამჟამად სპეციალისტები იმის გაგებას ცდილობენ, თუ რამდენად აისახება მასზე გლობალური დათბობა და იწვევს თუ არა მისი შემადგენელი წყლის ტემპერატურის მატება ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობას. მკვლევართა თქმით, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი დაგვეხმარება, სკოლის მოსწავლეებს ახალი რუკების მეშვეობით დედამიწაზე სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა მათ მსოფლიო ოკეანეების მნიშვნელობა სრულფასოვნად გაიაზრონ.

კომენტარები

ბოლო ამბები