Thumbnail

ბნელი მატერია, შესაძლოა, მეოთხე განზომილებაში იმალებოდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ რივერსაიდში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები ბრაზილიელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ბნელი მატერია, შესაძლოა, მეოთხე განზომილებაში იმალებოდეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Journal of High Energy Physics ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ისტორიაში პირველად ანტიმატერია თითქმის აბსოლუტურ ნულ ტემპერატურაზე გაყინეს

ბნელი მატერია სამყაროს თითქმის 85 პროცენტს შეადგენს. ამის მიუხედავად, მისი შეუიარაღებელი თვალით ან მაღალგანვითარებული ხელსაწყოებით დანახვა შეუძლებელია, რადგან ის არცერთი სახის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გამოყოფს, შთანთქავს ან ირეკლავს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გარშემო დღემდე მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ამ უჩვეულო ფენომენის ახსნას ნაშრომის ავტორები აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ცდილობენ. მათი თქმით, ბნელ მატერიაზე მეტის გასაგებად, საჭიროა, მას სხვა კუთხით მივუდგეთ. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენეს.

რუკა გვიჩვენებს, როგორაა გადანაწილებული სამყაროში ბნელი მატერია. ნათელ რეგიონებში მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება. ფოტო: BBC 

მეცნიერთა თეორიის თანახმად, ბნელი მატერია არა ჩვენთვის ცნობილ სამ განზომილებაში, არამედ მეოთხეში უნდა ვეძებოთ. იქ მისი შემადგენელი უხილავი ნაწილაკები სულ სხვაგვარად ურთიერთქმედებენ, რასაც ისინი "ბნელი" ბუნებრივი ძალების მეშვეობით ახერხებენ. შედეგად, ზოგიერთი მათგანი მახასიათებლებით დანარჩენს აღარ ჰგავს, ანუ ისე არ იქცევა, როგორც სტანდარტული ნაწილაკი. მეცნიერთა თქმით, ამ პროცესს ვერ დავაკვირდებით, რადგან ეს მატერიალურ სამყაროში არ ხდება, თუმცა მას გავლენა აქვს ჯუჯა სფეროსებრ გალაქტიკებზე, კერძოდ კი იქ განლაგებული ვარსკვლავების მოძრაობაზე.

ნახეთ: ისტორიაში პირველად მეცნიერებმა დროის კრისტალი ვიდეოზე აღბეჭდეს

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათი ჰიპოთეზა ბნელი მატერიის კოსმიური წარმომავლობის შესწავლაში დაგვეხმარება. მომავალში ისინი იმავე თეორიის ფარგლებში ე.წ. ბნელ ფოტონებზე კონცენტრირდებიან, რომლებზეც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები