Thumbnail

ნახეთ: ევროპის კოსმოსური სააგენტო ვენერაზე მისიის განხორციელებას გეგმავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორგანიზაცია პროგრამა Cosmic Vision-ის ფარგლებში პლანეტა ვენერაზე მისიის განხორციელებას გეგმავს. მისი მიზანი იმის გარკვევა იქნება,თუ რამ გამოიწვია ერთ დროს დედამიწის მსგავს ციურ სხეულზე კლიმატის ასეთი ცვლილება, რა წვლილი მიუძღვის ამაში ატმოსფეროში დიდი რაოდენობით დაგროვებულ სათბურის აირებს და არსებობდა თუ არა იქ ოდესმე ოკეანე ან უფრო მეტიც - სიცოცხლე.

NASA ვენერაზე 2030 წლისთვის 2 მისიის განხორციელებას გეგმავს

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას EnVision-ის სახელით ცნობილი კოსმოსური ზონდი შეეცდება. მასზე სხვადასხვა სამეცნიერო ხელსაწყო იქნება დამონტაჟებული, რომლითაც ის ვენერას შეისწავლის. მათ შორისაა სპექტრომეტრები, სენსორები და რადარები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს მეზობელ პლანეტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი ობიექტის ზედაპირს, მიწისქვეშა ფენებს, ატმოსფეროს და იქ მიმდინარე პროცესებს დააკვირდება. ESA-ის აპარატი, ასევე, მათ შემადგენლობას გააანალიზებს და გაარკვევს, არის თუ არა ციური სხეული ვულკანურად აქტიური. მის მიერ გადაღებული სურათები კი სპეციალისტებს პლანეტის დეტალური რუკის შედგენაში დაეხმარება.

 

უახლოეს მომავალში, მკვლევრები მისიისთვის ზონდისა და ზემოხსენებული ხელსაწყოების დიზაინის საბოლოო ვერსიას წარადგენენ, რის შემდეგაც სააგენტო მათ დასამზადებლად ევროპულ კომპანიებს შეარჩევს. EnVision-ს კოსმოსში ArianeGroup-ის მიერ შექმნილი რაკეტით Ariane 6 გაგზავნიან. ESA-ის ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ფრენა 3031 წელს შედგება, თუმცა სავარაუდო თარიღად 2032-33 წლებიც განიხილება. აპარატს ვენერამდე მისასვლელად 15 თვე დასჭირდება, დამატებით 16 თვეს კი ის წინასწარ განსაზღვრულ ორბიტაზე შესვლას მოანდომებს. ხელოვნური თანამგზავრი ციური სხეულის გარშემო მისი ზედაპირიდან 220-540 კილომეტრის მოშორებით იმოძრავებს, რასაც სპეციფიკური განლაგების წყალობით მხოლოდ 92 წუთში მოახერხებს.

ნახეთ: ESA მთვარეზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს

ევროპის კოსმოსური სააგენტო ახალი მისიის ფარგლებში NASA-სთან ითანამშრომლებს, რომელიც 2028-2030 წლებს შორის პერიოდში ვენერაზე ორი დამოუკიდებელი ზონდის გაშვებას აპირებს. ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საერთო ძალებით პლანეტის ფორმირებისა და განვითარების ეტაპების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები