Thumbnail

ნახეთ: Perseverance-ის მიერ მარსზე გადაღებული პანორამული სურათი გავრცელდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) წითელ პლანეტაზე გაგზავნილი ახალი მარსმავლის Perseverance მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის პანორამული სურათი გამოაქვეყნა. ის ციურ სხეულზე მდებარე ჯეზეროს კრატერის იმ არეალს გვიჩვენებს, საიდანაც როვერთან ერთად მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა, სახელწოდებით Ingenuity პლანეტაზე პირველი ისტორიული ფრენა შეასრულა.

► დღის ფოტო: მარსზე მდებარე სანტა კრუზის ბორცვი Perseverance-ის ობიექტივში

NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2,4 მილიარდ პიქსელიანი, 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულება 992 კადრისგან არის აწყობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსმავალზე დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam-Z ფოტოები 15-დან 26 აპრილამდე დროის პერიოდში გადაიღო. აღსანიშნავია, რომ Perseverance-მა მარსის პირველი პანორამული სურათი ციურ სხეულზე დაშვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააფიქსირა. გამოსახულება, რომელიც ექვსი კადრის გაერთიანების გზით არის მიღებული, იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიას გვიჩვენებს, სადაც როვერი დაეშვა.

 

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Perseverance მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. NASA-ს ხომალდმა ციურ სხეულამდე შვიდ თვეში, დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწია. 1025 კილოგრამი წონის მქონე მარსმავალი დასაჯდომ მოდულთან ერთად წითელი პლანეტის ატმოსფეროში მიმდინარე წლის 19 თებერვალს 19,500 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა და ლენდერის დახმარებით იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლად საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ჯეზეროს კრატერის ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო.

► ნახეთ: Perseverance-მა მარსზე სელფები გადაიღო

აღსანიშნავია, რომ Perseverance-მა, რომელიც მარსზე ასზე მეტი დღეა იმყოფება, უკვე არაერთი დავალება შეასრულა. აპარატმა მარტის დასაწყისში მის ანძაზე დამაგრებულ SuperCam-ის სახელით ცნობილ ხელსაწყოში ჩამონტაჟებული ლაზერით წითელ პლანეტაზე ერთ-ერთი ქვა დაშალა და მეცნიერებს მისი შემადგენლობის შესწავლის საშუალება მისცა. მოგვიანებით NASA-ს ახალმა მარსმავალმა მოწყობილობა MEDA-ის დახმარებით ჯეზეროს კრატერში ამინდის შესახებ ცნობები მოიპოვა და დედამიწაზე გამოგზავნა. ამის გარდა, როვერმა ხელსაწყო MOXIE-ის მეშვეობით მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. Perseverance-მა, ასევე, ვერტმფრენის Ingenuity სატესტო ფრენები გადაიღო, ისტორიაში პირველად წითელ პლანეტაზე ხმა ჩაიწერა და იქ 75 ათასზე მეტი ფოტო დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები