Thumbnail

"მაკდონალდსი" შეკვეთების მისაღებად ხმის ამომცნობ ავტომატურ სისტემას ცდის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "მაკდონალდსი" ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში მდებარე რამდენიმე ფილიალში ხმის ამომცნობ ავტომატურ სისტემას ცდის, რომელიც ავტომანქანაში მყოფი მომხმარებლების შეკვეთებს იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ ახლახან გამართულ ინვესტორთა კონფერენციაზე გაავრცელა.

KFC სამგანზომილებიანი პრინტერით ქათმის ნაგეთსების დამზადებას ცდილობს

კემპჩინსკის განცხადებით, ზემოხსენებულ ტექნოლოგიას აშშ-ის ილინოისის შტატის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში განლაგებულ ათ რესტორანში ცდიან. მისი თქმით, "მაკდონალდსის" ფილიალებში დამონტაჟებული, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა დისტანციური შეკვეთების დაახლოებით 80 პროცენტს იღებს, მისი სიზუსტე კი 85 პროცენტს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ინოვაციური ნაბიჯი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მსგავს ობიექტებში მომუშავე პერსონალისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ხმის ამომცნობ პროგრამას დავალების შესრულებას არ აცდიან და კლიენტების კითხვებს თავად პასუხობენ.

მაკდონალდსი  ხმის ამომცნობ ავტომატურ სისტემას ცდის, რომელიც მომხმარებლების შეკვეთებს იღებს.

კრის კემპჩინსკი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ში მდებარე "მაკდონალდსის" 14 ათასივე რესტორანში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იქნება, ამიტომ გეგმის სისრულეში მოყვანას რამდენიმე წელი დასჭირდება. მიზნის განხორციელებაში სწრაფი კვების ინდუსტრიის გიგანტს ამერიკული კომპანია Apprente ეხმარება, რომელიც მან 2019 წელს შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა სტარტაპმა შექმნა "მაკდონალდსისთვის" ხმის ამომცნობი სისტემა.

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC საკუთარი სათამაშო კონსოლი წარადგინა

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება მიზნად მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. ის არ გამორიცხავს, რომ "მაკდონალდსმა" საფირმო პროდუქტის მოსამზადებლად მომავალში ავტომატური მოწყობილობებიც შეიძინოს, თუმცა ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები