Thumbnail

ნახეთ: კომპანიამ Hanson Robotics ჰუმანოიდი რობოტი "გრეისი" წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დაფუძნებულმა კომპანიამ Hanson Robotics, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდის, სოფიას შემქმნელია, ახალი ჰუმანოიდი რობოტი, გრეისი წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოწყობილობა, რომელიც ჯანდაცვის სექტორისთვის არის გამიზნული, ხანდაზმულებზე და კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლაციაში მყოფ ადამიანებზე იზრუნებს.

► ნახეთ: კომპანიამ Boston Dynamics ახალი რობოტი წარადგინა

ახალ ჰუმანოიდ რობოტს მოყავისფრო თმა და წარბები აქვს, მედდის ცისფერი უნიფორმა აცვია, მკერდში თერმული კამერა აქვს ჩამონტაჟებული, რომლითაც პაციენტებს ტემპერატურას უზომავს და მათ მგრძნობელობას ამოწმებს, დიაგნოზის დასასმელად კი ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს. გრეისი ინგლისურსა და ჩინური ენის დიალექტებს ფლობს. მას ჟესტების მიბაძვა და სახის გამომეტყველების შეცვლა შეუძლია, რისთვისაც ორმოცდაათამდე კუნთს იყენებს.

Hanson Robotics-ის ახალი ჰუმანოიდი რობოტი გრეისი. ფოტო: Reuters

Hanson Robotics-ს რობოტის ღირებულება არ დაუსახელებია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ასიათასობით ანდროიდის გამოშვება იგეგმება, რის გამოც, მათი ფასი, შესაძლოა, შედარებით ხელმისაწვდომი იყოს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, გრეისის მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყება, მომავალ წელს კი ახალ ჰუმანოიდ რობოტებს ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებს მიაწვდიან. Hanson Robotics-ში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ანდროიდი პანდემიის გამო გადატვირთულ საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის დახმარებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათ ჩანაცვლებასაც შეძლებს.

► 10 გამორჩეული ჰუმანოიდი რობოტი

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში რობოტებს საკმაოდ წარმატებით იყენებენ. მაგალითისთვის, იაპონური კომპანიის SoftBank Robotics მიერ შექმნილი ანდროიდი, სახელად პეპერი, სხვადასხვა დაწესებულებაში იმ ადამიანების გამოსავლენად განამწესეს, რომლებსაც დამცავი ნიღბები არ ეკეთათ. ჩინური კომპანიის CloudMinds მიერ დამზადებული რობოტები კი ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ განკუთვნილ საველე ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებზე ზრუნავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები