Thumbnail

მალხენი აირის მცირე დოზა დეპრესიას შველის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა დეპრესიის მქონე პაციენტებზე მალხენი აირი გამოცადეს, რომლის მცირე დოზამ ამ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science Translational Medicine ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი

ცხვირის ახალი სპრეი თვითმკვლელობაზე ფიქრებს აქრობს

აზოტის ოქსიდი, რომელსაც მალხენ ან მხიარულ აირს უწოდებენ, მეცნიერებმა 1700-იანი წლების მიწურულს აღმოაჩინეს, მცირე ხანში კი ადამიანის განწყობაზე მისი დადებითი გავლენის შესახებ გახდა ცნობილი. ამ უფერო აირს ხშირად წვეულებების დროს მოიხმარდნენ, რომლის მონაწილეებშიც ის ეიფორიას იწვევდა, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო კი მისი გამოყენება სტომატოლოგებმა და ქირურგებმა დაიწყეს. დღეს მალხენი აირი ფართოდ გავრცელებული საანესთეზიო და სედატიური საშუალებაა, ბოლო წლებში კი მკვლევრებმა მის სხვა დანიშნულებაზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ ნივთიერებას ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე ცდიან.

დეპრესიის მქონე პაციენტებზე მალხენი აირი გამოცადეს, რომლის მცირე დოზამ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.

ახალი კვლევის ფარგლებში განხორციელებული კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპზე ნაშრომის ავტორებმა აზოტის ოქსიდის ერთსაათიანი ინჰალაცია დეპრესიით დაავადებულ 24 მოხალისეს გაუკეთეს, რომლებზეც სტანდარტული მედიკამენტები არ მოქმედებდა. მათ ერთი თვის შუალედით მალხენი აირის 50-პროცენტიანი და 24-პროცენტიანი დოზები, შემდეგ კი პლაცებო მიიღეს. შედეგად, პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მკურნალობის ეფექტიანობა პროცედურიდან ორი კვირის თავზეც თვალსაჩინო იყო. აღსანიშნავია, რომ ნივთიერების დაბალმა კონცენტრაციამ დეპრესიის სიმპტომები თითქმის ისევე შეამსუბუქა, როგორც მაღალმა, თანაც მას ნაკლები გვერდითი მოვლენა მოჰყვა.

კანადაში ონკოლოგიურ პაციენტებს ჰალუცინოგენი სოკოების მოხმარების უფლება მისცეს

სპეციალისტები აცხადებენ, რომ კვლევის მცირე მასშტაბების მიუხედავად, დეპრესიის მკურნალობის ახალი მეთოდი იმედის მომცემია, თუმცა კონკრეტული დასკვნების გამოსატანად დამატებითი ცდების ჩატარებაა საჭირო. მათი თქმით, აზოტის ოქსიდმა, შესაძლოა, მომავალში მრავალი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები