Thumbnail

ნახეთ: ანტარქტიდის უზარმაზარ მყინვარს 20 წელიწადში განადგურება ემუქრება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით,  სამხრეთ პოლარული კონტინენტის უზარმაზარ მყინვარს უახლოეს 20 წელიწადში განადგურება ემუქრება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science Advances ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მსოფლიოში მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა

ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში მდებარე პაინ აილენდის მყინვარი სისწრაფითაა გამორჩეული. უზარმაზარი ყინულის მასა ამუნდსენის ზღვისკენ მიიწევს, თუმცა მის წყალში გადაადგილებას შელფური მყინვარები უშლის ხელს. ბოლო წლებში ისინი ლღვობის გამო საგანგაშოდ გათხელდნენ, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული თბილი ოკეანური დინებებია. უკანასკნელ პერიოდში პან აილენდს რამდენიმე დიდი ზომის აისბერგიც გამოეყო, რის შედეგადაც მყინვარმა ფართობის თითქმის მეხუთედი დაკარგა. ამ პროცესის გადაღება ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ პროგრამა "კოპერნიკის" ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა, Sentinel-1-ის სახელით ცნობილმა ხელოვნურმა თანამგზავრებმა შეძლეს.

 

ნაშრომის ავტორებმა სატელიტების მეშვეობით 2015-დან 2020 წლამდე დროის შუალედში დაფიქსირებული კადრები შეისწავლეს, რომლებზეც 180 ტრილიონი ტონა ყინულისგან შემდგარი პაინ აილენდის მყინვარის ცვლილება არის ნაჩვენები. აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით მასის დაკარგვის გამო მისი ზედაპირის ნაწილის ზღვისკენ გადაადგილების სისწრაფე ბოლო სამ წელიწადში 12 პროცენტამდე გაიზარდა. მეცნიერთა მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელის თანახმად, მოძრაობის დაჩქარების შედეგად მყინვარი კიდევ უფრო მეტად იშლება. მკვლევრები შიშობენ, რომ თუ მსგავსი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ის დაახლოებით 20 წელიწადში სრულად გაქრება.

ანტარქტიდაზე არსებული შელფური მყინვარების მესამედს განადგურება ემუქრება

სპეციალისტთა განცხადებით, პაინ აილენდის მყინვარიდან ოკეანეში ჩამდინარე წყალი უარყოფითად აისახება ზღვის დონეზე, რომელიც მისი მთლიანად ჩამოშლის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მოიმატებს. ვეღარაფერი შეაკავებს დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარსაც, რასაც, შესაძლოა, საგანგაშო შედეგები მოჰყვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები